კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედიააკადემიის ხელმძღვანელად დავით კაკაბაძე დანიშნა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “მედიააკადემია“ დააფუძნა, რომლის აღმასრულებელ დირექტორადაც დავით კაკაბაძე დაინიშნა.
მედიააკადემიის დაფუძნება ქვეყანაში მედიაწიგნიერების ხელშეწყობასა და განვითარებას ისახავს მიზნად. დავით კაკაბაძე 13 წლის განმავლობაში, „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს ხელმძღვანელობდა მიუნხენსა და პრაღაში.
კაკაბაძე „რადიო თავისუფლებაში“ 1993 წლიდან 2018 წლის მარტამდე მუშაობდა. გარდა ამისა, ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტის გოეთეს კაბინეტს ხელმძღვანელობდა.
დავით კაკაბაძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურების ფაკულტეტი დაამთავრა. გარდა ამისა, სწავლობდა იენის (გდრ) ფრიდრიხ შილერის სახელობისა და კიოლნის (გფრ) უნივერსიტეტებში. დავით კაკაბაძე ეწევა მთარგმნელობით საქმიანობასაც. ბოლო წლებში, გერმანულიდან და ჩეხურიდან დავით კაკაბაძის მიერ ნათარგმნი რამდენიმე წიგნი გამოიცა.
შეგახსენებთ, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ფუნქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2017 წლის ბოლოს, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად დაეკისრა.

კომისია მედიაწიგნიერების განვითარებას 4 ძირითადი მიმართულებით გეგმავს.
პირველი კომპონენტი იქნება 3-6-თვიანი კურსი მედიამენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის. მეორე კომპონენტი არის მედიაკრიტიკის განვითარება, რომელიც ერთი მხრივ, თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, მომხმარებლებისთვის იქნება გარკვეული გზამკვლევი. მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თავად მომხმარებლების ცოდნის ამაღლება. მეოთხე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მედიალაბორატორიის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები