ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი: შსს-მ ინტენსიურად იმუშავა, მე ვენდობი გამოძიებას

რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი მამუკა ცხოვრებაძე გამოძიებას გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, ნდობას უცხადებს.

მისივე თქმით, მკვლელობის მეორე დღეს, ბაზარში ამბობდნენ, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ქუთათელაძე და ჭანტურია ბაზარში ერთად დაინახეს. მისივე ინფორმაციით, მათ შორის დაპირისპირება გასული წლის ნოემბერშიც მოხდა, თუმცა დირექტორისთვის მიზეზი უცნობია.

„ეს იყო მხოლოდ ჩემი აზრი. როდესაც მე აქ ვიკითხე მეორე დღეს, ყველა საუბრობდა, რომ ერთად შევიდნენო. წარმოგიდგენიათ, ადამიანები ერთად არიან რაღაც დროის განმავლობაში, სხვა არავინ ყოფილა და რას იფიქრებთ?! ამიტომ ვფიქრობდი ამას და ახლა, ალბათ, შსს-მ იმუშავა. რადგან შსს-მ დაადგინა, რომ გიორგი ჭანტურია ალბათ, დამნაშავეა, მე ვენდობი გამოძიებას, იმიტომ, რომ ინტენსიურად მუშაობდნენ. რა მტკიცებულებები აქვს შსს, მე ვერ გეტყვით, არ ვიცი.

მე იანვარში გამომკითხეს, ამის მერე, არ გამოვუკითხივარ. რაც ვიცოდი, ის ვუთხარი გამოძიებას. გასული წლის ნოემბერში რა იყო კონფლიქტის მიზეზი ამ ადამიანებს შორის, ვერ გეტყვით, არ ვიცი. მაშინ ჩხუბი გარეთ მოხდა, ათასი კაცის თვალწინ. გიორგი ჭანტურია ამ 8 თვის განმავლობაში, ბაზრის ტერიტორიაზე არ მინახავს, თუმცა ვიცი, რომ მოდიოდა“, – განაცხადა ცხოვრებაძემ.

შს სამინისტროს ცნობით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნილია. უწყების ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები