თბილისის ერთ-ერთ ქუჩას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, შმაგი სოფრომაძის სახელი მიენიჭება

თბილისში, ისნის რაიონში არსებულ ერთ-ერთ ქუჩას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭება.

ამის შესახებ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე განიხილა.

„ვინაიდან შმაგი სოფრომაძის გარდაცვალებიდან 20 წელი გასული არ არის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მისი სახელის უკვდავსაყოფად, თბილისში არსებული ერთ-ერთი უსახელო ქუჩისთვის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელის მინიჭების ინიცირება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მოახდინა. თბილისის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ამჟამად საკითხი საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო განხილვისთვის არის ატვირთული, რის შემდეგაც ქუჩის სახელდებას ჯერ ჩვენი კომისია განიხილავს, ხოლო საბოლოოდ, საკრებულოს სხდომა დაამტკიცებს“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისი თქმით, შმაგი სოფრომაძის სახელი ისნის რაიონში, ე.წ. „სამხედრო ქალაქში“, გიორგი ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭება, რაც სიმბოლურია.
უმცროსი სერჟანტი, უშანგი (შმაგი) სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, იგი წამებით მოკლეს. შმაგი სოფრომაძეს, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები