„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია გამოცხადდა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე www.acda.gov.ge დღეს, 6 აგვისტოს დაიწყო და 2019 წლის 1-ელ მარტამდე გაგრძელდება.
სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას და კოოპერატივებისათვის მარკეტინგული მასალების მომზადებას, ბრენდირებას გულისხმობს.
პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება მომსახურების შესყიდვა, რომელიც მოიცავს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას კოოპერატივების კუთვნილ საწარმოში. პროგრამაში ჩართვა შეეძლებათ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთაც საკუთრებაში გააჩნიათ რძის გადამამუშავებელი საწარმო. მათი მხრიდან თანამონაწილეობის თანხა შეადგენს მომსახურების ღირებულების 10%- ს.
რაც შეეხება ბრენდირების კომპონენტს, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო დაეხმარება წარმოებული პროდუქციისათვის შეფუთვის დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, ლოგოს დიზაინის და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნის პროცესში.
ბრენდირების კომპონენტში გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმოებული პროდუქციისათვის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად, საჭირო დანადგარის შესყიდვაში 70%-იანი თანადაფინანსება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები