პირველი სამი ახალი ქართული სახანძრო-სამაშველო ტექნიკის ნიმუში 2018 წლის შემოდგომაზე გამოჩნდება

პირველი სამი ახალი ქართული სახანძრო-სამაშველო ტექნიკის ნიმუში 2018 წლის შემოდგომაზე გამოჩნდება – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა, მიშა ფეიქრიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ძველი საბჭოური ტექნიკის ახლით ჩანაცვლება ავსტრიაში ვიზიტის დროს დაიგეგმა. ამასთან, ფეიქრიშვილის ინფორმაციით, ეს არის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა უცხოელ პარტნიორებთან შეიმუშავა, რაც სახანძრო დეპოების ეტაპობრივ განახლებას გულისხმობს.
ტექნიკას, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სახანძრო ტექნიკის და აღჭურვილობის მწარმოებელ ავსტრიულ გიგანტ „როზენბაუერთან“ თანამშრომლობით აწყობს.
„ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ექნება საკუთარი წარმოების სახანძრო ავტოტექნიკა. დამკვეთი საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია. ჩვენი 5-წლიანი გეგმის ფარგლებში, ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლების განმავლობაში, არც ერთ სახანძრო-სამაშველო შენობაში აღარ იდგეს საბჭოთა წარმოების მანქანები. ეს მანქანები არის მულტიფუნქციური სახანძრო-სამაშველო მანქანები, რომლითაც დაკომპლექტდება მუნიციპალიტეტის სახანძროები, სწრაფი რეაგირებისთვის.
ზოგადად მიღებული პრაქტიკაა, რომ სახანძროებში ჰყავთ რამდენიმე სახის მანქანა. პირველი არის სწრაფი რეაგირების მანქანები, შემდეგ მოდის შედარებით მძიმე და ა.შ. ტყის მანქანები გადის მძიმე კატეგორიაში, ეს მანქანები კი იქნება სწრაფი რეაგირების და იქიდან გამომდინარე, რომ „დელტას“ ბაზაზე აეწყობა, შესაძლებლობა ექნება, რომ რთულ რელიეფზეც იაროს და იმუშაოს. ეს მანქანები სრულად იქნება მორგებული საქართველოს მოთხოვნებზე. ეტაპობრივად, სრულად განვაახლებთ ავტოპარკს და პირველ რიგში, ეს საქართველოს რეგიონებში მოხდება.
„დელტასა“ და ავსტრიულ გიგანტ „როზენბაუერს” შორის ხელშეკრულება აპრილის თვეში გაფორმდა. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში სახანძრო-სამაშველო ახალი ტექნიკის ექსპორტირებაც მოხდეს. თუმცა, ამ ეტაპზე, ცოტა ხმამაღალი განაცხადია. თუმცა, არ გამოვრიცხავთ. სახელმწიფოს, შესყიდვასთან შედარებით, ბევრად იაფი დაუჯდება სახანძრო-სამაშველო მანქანების ადგილზე წარმოება. სამომავლოდ კი არ არის გამორიცხული, საქართველოში წარმოებული სახანძრო მანქანებით რეგიონის ქვეყნების მომარაგება დაიწყოს“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას მიშა ფეიქრიშვილი.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში აწყობილი მანქანები მულტიფუნქციური და სწრაფ რეაგირებაზე გათვლილი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები