საჯარო სკოლის დირექტორებისთვის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის ტრენინგები მიმდინარეობს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და მისი მოადგილე დავით ხვედელიძე საჯარო სკოლის დირექტორთა ტრენინგის – „საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის კორექცია“ მიმდინარეობას გაეცნენ. საჯარო სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ტრენინგები მოიცავს შემდეგ თემებსა და საკითხებს: ადამიანური რესურსების მართვა და შრომითი ურთიერთობები; სასწავლო პროცესის ადმინისტრირება; ადმინისტრაციული საქმისწარმოება, კონტროლი და ანგარიშვალდებულება; მატერიალური რესურსების განკარგვა და კონტროლი; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ფინანსების განკარგვა და კონტროლი.
„ტრენინგი მაქსიმალურად ორიენტირებულია იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაზე, რომელიც დირექტორს დაეხმარება სკოლის ადმინისტრირების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
ტრენინგმოდული – „საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის კორექცია“ ერთობლივად შემუშავდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისა და ცენტრის მიერ. მისი მიზანია სკოლის მოქმედი დირექტორებისთვის სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის სპეციფიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება და მართვის ხარვეზების პრევენციის გზების გაცნობა.
პროგრამას – „საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის კორექცია“ ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გაივლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები