თეთრიწყაროს დასაქმების ფორუმისთვის მზადება დაიწყო

3 აგვისტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) თანამონაწილეობით, დამსაქმებელთა ტური გაიმართა.
როგორც „კვირას“ დამსაქმებელთა ორგანიზაციიდან აცნობეს, ამ ორი პარტნიორი ორგანიზაციის ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს, 2016 წელს შიდა ქართლში ჩატარებული ერთობლივი დასაქმების ფორუმი მათი თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. საგრანტო პროექტი ინოვაციური სოციალურ-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამჯერად, ასოციაციამ სურვილი გამოთქვა, რომ დასაქმების ფორუმამდე, კომპანიის წარმომადგენლები მიეწვიათ დამსაქმებელთა ტურზე, რათა ადგილზე გაცნობოდნენ მოსახლეობის მოთხოვნებს და არსებულ ვაკანსიებზე ემსჯელათ.
რეგიონალური ფორუმის მოსამზადებელ ტურში ხუთი მსხვილი კომპანია ჩაერთო. მოწვეული სტუმრები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, პროექტის ENPARD ფარგლებში მიმდინარე და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. ეს გამოცდილება და ინფორმაციის გაცვლა დამსაქმებლებს ადგილობრივი მაძიებლებისათვის სამომავლოდ, ოპტიმალური შეთავაზებების წარმოდგენაში დაეხმარება.
ვიზიტისას, 28 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, შეირჩა ერთობლივი ფორუმის ჩატარების ადგილი და დაისახა შემდგომი თანამშრომლობის სტრატეგია. სამომავლოდ დაგეგმილ ფორუმში მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართული ხუთი კომპანიაც მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმის მიზანია, სამუშაოს მაძიებლებს დაეხმაროს დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში, რათა მათ ერთ სივრცეში მიიღონ რამდენიმე დამსაქმებლისგან აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია, ასევე, გაეცნონ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელშემწყობი სერვისებისა და პროგრამების შესახებ, ქვეყნის მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები