ეკა ბესელია გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გერმანიაში ვიზიტით იმყოფება, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ფრაიბურგის მაქს პლანკის უცხოეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში მიმდინარე კონფერენციაში, თემაზე: „სისხლის სამართლის რეფორმები პოსტსაბჭოთა საქართველოში და უკრაინაში. საქართველოსა და უკრაინის კანონმდებლობების ჰარმონიზაცია ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან”.

კონფერენცია გახსნა და ღონისძიებას მასპინძლობს მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი ჰანს იორგ ალბრეხტი. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიმართა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონფერენციაზე სპეციალური მოხსენებით წარდგა და საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ სამართლის დოქტორის, ეკა ბესელიას ორგანიზებით, მაქს პლანკის ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსში 2016 წელს შეტანილი ცვლილებები მომზადდა. საკანონმდებლო ცვლილებები, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შემდეგ, პროფესორ ალბრეხტთან და პროფესორ გიორგი ღლონტთან თანამშრომლობით მომზადდა და  ეხებოდა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავ დანაშაულთა სასჯელის გამკაცრებას და დამამძიმებელი გარემოებების დამატებას.

კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულ პროფესორებს შორისაა პროფესორი გიორგი ღლონტი, რომელიც სპეციალური მოხსნებით გამოვიდა.

კონფერენციის მსვლელობისას, განხილული იყო ასევე, სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: სამართალწარმოების ტრანსფორმაცია საქართველოში და  სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ტენდენციები. დაგეგმილია სამართლებრივი ანალიზის მიმოხილვა  საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და გერმანიის მაგალითზე.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ  ქართულ მხარესა და  მაქს პლანკის ინსტიტუტს შორის იგეგმება თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები