ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Dunkin’ Donuts-ი გაიხსნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ, „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორანი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბიზნესგანვითარების მენეჯერმა, ინგა ბაკურიძემ და ქუთაისის აეროპორტის მენეჯერმა, ედუარდ მნაცაკანიანმა მიიღეს.
ქუთაისში, რიგით მეორე და საქართველოს მასშტაბით მე-20 „დანკინ დონატსის“ რესტორანში 20 ადამიანი დასაქმდა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საერთაშორისო ბრენდებისთვის, კომერციული კუთხით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სულ უფრო საინტერესო ხდება. „დანკინ დონატსის“ რესტორანი აეროპორტში რიგით მეოთხე კვების ობიექტია.
,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ქუთაისის აეროპორტის განვითარების სტრატეგიაზე, როგორც ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და ავიამიმართულებების დამატების კუთხით, ასევე, ტერმინალში კომერციული და კვებითი ობიექტების ზრდის მიმართულებით. ადგილობრივის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტში საერთაშორისო ბრენდის რესტორანი გაიხსნა. იმედი გვაქვს, რომ აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ბიზნესის მხრიდან დაინტერესება ქუთაისის აეროპორტით კიდევ უფრო გაიზრდება“,- განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბიზნესგანვითარების მენეჯერმა, ინგა ბაკურიძემ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯერის, ედუარდ მნაცაკანიანის განცხადებით, ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, მგზავრების მოთხოვნებიც იზრდება.
„დღეს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პირველი საერთაშორისო კვების ობიექტი გაიხსნა. ჩვენს მგზავრებს უკვე აქვთ არჩევანის საშუალება და შეუძლიათ, ისარგებლონ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდის კვების ობიექტებით“,- აღნიშნა ედუარდ მნაცაკანიანმა.
„დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია, რომელიც თითქმის 70 წელია, მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. 2015 წლიდან „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში, ამერიკული რესტორნების ქსელმა – „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, უსაფრთხო, მაღალი ხარისხის კერძებს სთავაზობს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „დანკინ დონატსის“ რესტორანში ტრადიციულად, შეთავაზებაში იქნება საქართველოს ბაზარზე ხარისხით სრულიად გამორჩეული ცხელი და ცივი ყავა და ყავის პროდუქტები, 20-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა პროდუქტი, როგორც ქართული, ასევე, უცხოური სამზარეულოდან და თბილისის დონატების ქარხანაში დამზადებული დონატების ნაირსახეობა თუ ფრანგული წარმოების ფუნთუშეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები