საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა გაიმართა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე, გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განხილვა გაიმართა. განხილვაში თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ასევე, გარემოს დამცველები და არქიტექტორები მონაწილეობდნენ.
როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, სხდომის გახსნისას, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე გენგეგმის პროექტის ის ნაწილი განიხილებოდა, რომელიც გამწვანებულ ტერიტორიებს და სარეკრეაციო სივრცეებს ეხება. გენგეგმის პროექტი სხდომის მონაწილეებს კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მერაბ ბოლქვაძემ წარუდგინა. მისი თქმით, გენგეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ქალაქის კომპაქტურობის დაცვა და ერთიანი მწვანე ლანდშაფტური სივრცეების შექმნაა. მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, გენგეგმის პროექტი შვიდი საქალაქო პარკის მოწყობას, ასევე, მდინარე მტკვრის შენაკადების გახსნას და მათ არეალში გამწვანებული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.
დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორმა აღნიშნა, რომ გენგეგმის კონცეფცია მდინარე მტკვრის გახსნას და ქალაქისთვის დაბრუნებას, ასევე, იმ სივრცეებში, სადაც მტკვარი ჯებირებით არ არის შემოსაზღვრული, გამწვანებული ტერიტორიების შექმნას გულისხმობს. მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, გენგეგმის პროექტის თანახმად, თბილისში არსებული ყოფილ საწარმოო ტერიტორიებზე (ე.წ. „ბრაუნფილდები“), დაახლოებით 400 ჰექტარზე, მწვანე სივრცეების შექმნა იქნება შესაძლებელი.
გენგეგმის პროექტის გამწვანების კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ, კომისიების გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გარემოს დამცველების, არქიტექტორებისა და საკრებულოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს მერაბ ბოლქვაძემ და მაია ბითაძემ უპასუხეს. საკუთარი პოზიცია ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემაც წარადგინა. რევაზ სოხაძის თქმით, მმართველი გუნდის მიზანი სრულყოფილი გენგეგმის მიღებაა, რისთვისაც დოკუმენტის განხილვა გაგრძელდება და ამ მიზნით, საკრებულოშიც კიდევ არაერთი შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები