“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნინო კვიტაიშვილმა თანამდებობიდან გათავისუფლებულ ექიმს ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ, სახალხო დამცველთან უჩივლა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი, რომლის პრეტენზიის გამო, ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოდან გაათავისუფლეს, ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატში ჩივის. დღეს, გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ყოფილმა ექიმმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის კითხვებს უპასუხა და 11 ივნისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ისაუბრა. სახალხო დამცველის აპარატში შესაბამისი ახსნა-განმარტება გაფორმდა, სადაც ექიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მან 11 ივნისს, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარა, რაც დადასტურებულია ე.წ. ფორმა 100 -ით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ისტორიით.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირას“ კითხვებს სახალხო დამცველის პრესსამსახურში არ უპასუხეს.
მანამდე კი, ნინო კვიტაიშვილმა ექიმს ჯანდაცვის სამინისტროში უჩივლა.
სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კომისიის სხდომა 19 ივლისს გაიმართა. კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „მაღალი ტექნოლოგიების ცენტრი – საუნივერსიტეტო კლინიკის” ყოფილ ექიმს, მურთაზ მამაგეიშვილს პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. “
სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის შემდეგ, 22 ივლისს, ნინო კვიტაიშვილმა სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მიმართა და ექიმს უჩივლა.
„სახალხო დამცველს მივმართე, ჩემი, როგორც პაციენტის დისკრიმინაციის ფაქტის დასადგენად. დაველოდები სახალხო დამცველის აპარატის გადაწყვეტილებას, შემდეგში გავაგრძელებ თუ არა ბრძოლას, ამ ეტაპზე პასუხისგან თავს შევიკავებ. მე, კომპეტენციის ფარგლებში, მივმართე სახალხო დამცველის აპარატს და ვიმედოვნებ, რომ შესაბამის დასკვნას მიიღებენ. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის დასკვნას, უფრო მეტს ველოდი. მე მიმაჩნია, რომ კლინიკაში კონკრეტულად ტრავმატოლოგის მიერ შესაბამისი მომსახურება არ გამწევია, სხვა ტიპის მომსახურება გამეწია. რეალურად, მას უნდა მოეხდინა ჩემი ჩივილების გამო, დათვალიერება, რაც ექიმ-ტრავმატოლოგს არ გაუკეთებია. მიმაჩნია, რომ ჩემ მიმართ დისკრიმინაცია განხორციელდა“, – განუცხადა „კვირას“ ნინო კვიტაიშვილმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ მურთაზ მამაგეიშვილსაც დაუკავშირდა. ექიმმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მას პაციენტი ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობის უფრო დამძიმებას სთხოვდა, რასაც ექიმი არ დათანხმდა. თუმცა, ტრავმატოლოგმა მურთაზ მამაგეიშვილმა პაციენტის ისტორიაში ის არსებული რეალური დაზიანება ჩაწერა, რაც პაციენტს აღენიშნებოდა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წელს, სექტემბერში, გახდება 45 წელი, რაც ექიმი ვარ და ჩემი პროფესიისთვის არასდროს მიღალატია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი იმიჯის საკითხია, მეგობრები და ახლობლები მყავს. ვისაც უნდა, ადვილად დაიჯერებს, რომ რადგან “ნაციონალი” იყო ის პაციენტი…
მე არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ ვარ, ექიმი ვარ. მე მაშინ, პაციენტს იმაზე მეტი გამოკვლევა ჩავუტარე, ვიდრე მას სჭირდებოდა, რაც გავაფორმე ავადმყოფობის ისტორიაშიც და ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის გაფორმებული. მას პრეტენზია ჰქონდა, რომ იმაზე მეტი დაზიანება დამეწერა, რაც სინამდვილეში ჰქონდა. ეს მე არ გავაკეთე, არ ვუღალატე ჩემს პროფესიას, თუმცა კლინიკის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გამათავისუფლა“, – განაცხადა მურთაზ მამაგეიშვილმა.
მას შემდეგ რაც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიტანა, „კვირა“ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელს, გოჩა ინგოროყვას დაუკავშირდა. როგორც „კვირას“ გოჩა ინგოროყვამ განუცხადა, მან თავიდანვე იცოდა, რომ ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი უდანაშაულო იყო, თუმცა, „კვირას“ დამატებით შეკითხვებს მან აღარ უპასუხა და შვებულებაში ყოფნა მოიმიზეზა.
„ მე ეგ თავიდანვე ვიცოდი, რომ ექიმ მურთაზ მამაგეიშვილს პაციენტის მიმართ მკურნალობის მიმართულებით დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა ადგილი ჰქონდა ეთიკურ დანაშაულს. ძალიან გთხოვთ, შვებულებაში ვარ, გენაცვალე და გამიგეთ, შვებულებაში ვარ. მე და მამაგეიშვილს ყველაფერი გარკვეული გვაქვს, ვისვენებ, შვებულებაში ვარ“, – აღნიშნა გოჩა ინგოროყვამ და ტელეფონი გათიშა.
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა, რომელიც მსუბუქად დაშავდა, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას მიმართა. სადაც მას მკურნალობა ჩაუტარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნინო კვიტაიშვილის განცხადების საფუძველზე, ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მურთაზ მამაგეიშვილის გათავისუფლების შესახებ, გადაწყვეტილება კლინიკის დირექტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც ნინო კვიტაიშვილმა ექიმი-ტრავმატოლოგი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.
იმავე დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ნინო კვიტაიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა და კლინიკის ადმინისტრაციას დაემუქრა.
„ნინო კვიტაიშვილი ჩემი პირადი ახლო მეგობარია. ჰოდა, პირადად გავუმწარებ სიცოცხლეს ტრავმატოლოგ მამაგეიშვილს, რომელმაც მისი პარტიული კუთვნილების გამო, უარი თქვა პოლიციის მიერ ნაცემი ნინოსთვის სამედიცინო დახმარების გაწევაზე. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა, გირჩევთ, თქვენით მიიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება და ეგ ჰიპოკრატეს ფიცის დამრღვევი ნაბიჭვარი დროზე მოაშოროთ მაქედან. არა და, თქვენს თავს დააბრალეთ!“ – აღნიშნული ტექსტი ნიკა გვარამიამ სამედიცინო დაწესებულების ვებგვერდზე განათავსა.
ამის შემდეგ, ექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი ინგოროყვას კლინიკიდან გაათავისუფლეს.
პ.ს. იყო თუ არა, კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან ექიმ მურთაზ მამაგეიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, ეს მკითხველმა და საზოგადოებამ განსაჯოს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები