აჭარის მთავრობა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 3000-3000 ლარს გადასცემს

აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპული 19 ჯარისკაცის ოჯახს 3000-3000 ლარი გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, თანხას ასევე მიიღებს ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამი ვეტერანი ჯარისკაცი და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი.
აჭარის მთავრობის ინიციატივით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, ტრავმის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების” პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. მანამდე, ფინანსური დახმარება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცემოდა. თანხას სულ 25 ოჯახი მიიღებს, ჯამში, 75 000 ლარი გაიცემა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას ასევე, უწევს 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს.
ცნობისთვის, დედის დღესთან დაკავშირებით, 21 ბენეფიციარზე 21 000 ლარი გაიცა, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები