ანაკლიის პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ტექნიკით აღჭურვილი გემი უკვე საქართველოშია

ანაკლიის პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ტექნიკით აღჭურვილი პირველი გემი 3 აგვისტოს, დილის 10 საათზე, ფოთის პორტში შემოვა. გემი სპეციალურად მოდერნიზებული მძიმე ტექნიკითა და სადრენაჟო სისტემითაა დატვირთული. ის პირველი გემია, რომელიც წამყვანმა საზღვაო-საინჟინრო კომპანია „Van Oord” – მა როტერდამის საერთაშორისო პორტიდან გამოაგზავნა.
ორ კვირაში, შავი ზღვის სანაპიროს „Van Oord” – ის მეორე გემი მოადგება, ხოლო სექტემბრის პირველ კვირას ანაკლიის სანაპიროზე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი – „ათენა” საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო სამუშაოების შესასრულებლად შემოვა.
„ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ, უმნიშვნელოვანეს ფაზაში გადადის. მალე ყველანი ერთად ურთულესი საზღვაო-საინჟინრო სამუშაოების მომსწრენი გავხდებით. მაგალითისთვის მხოლოდ ორ ციფრს დაგისახელებთ: ანაკლიის პორტის პირველი ფაზის ტერიტორიაზე, 3500 კილომეტრის ფართობზე, ყოველ 1,5 მეტრზე, 10 მეტრის სიღრმეზე სადრენაჟო მილების ჩალაგება მოხდება, ხოლო გემი „ათენა” ზღვის ფსკერის დაღრმავების და ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღების, ამოტუმბვის და მისი ნაპირზე განთავსების სამუშაოებს შეასრულებს”,- განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.
ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და აგვისტოში საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის და საინჟინრო გადაწყვეტის საზღვაო სამუშაოებით გაგრძელდება. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია – Van Oord-ი ჩაატარებს, რომელიც ანაკლიის პორტის აქციონერიც ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები