სოლოლაკში, მეზობლებს შორის ატეხილი დავა – რა მოხდა სინამდვილეში მაჩაბლის ქუჩაზე (ვიდეო)

დღეს, სოციალურ ქსელში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მცხოვრებმა მოქალაქემ, რომელიც უცხოეთიდან ახლახან დაბრუნდა, მიმართვა გაავრცელა და ვიდეოც დაურთო.
„ჩემი მეგობრების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ვისაც ჩემი სამზარეულოს ფანჯრიდან ქართლის დედის ხედი გახსოვთ, ეგ ამბავი წარსულს ჩაბარდა. ახლახან საზღვარგარეთიდან ჩამოსულს, ფაქტობრივად, ჩემს რაფასთან ამოშენებული კედელი დამხვდა. მიღებული შოკისგან ჯერაც არ გამოვსულვარ.
მინდა, ყველას გთხოვოთ, გააზიაროთ თქვენს კედელზე, რომ მათ, ვისაც ეს ეხება, ნახონ, რომ ცხვირწინ, ხელის გასაწვდენზე შენობის აშენება, ფანჯრის გაუქმება უდიდესი დანაშაულია. სუნთქვის უფლებაც კი შელახულია. მაინც ვიმედოვნებ, რომ სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს. ვცხოვრობ სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩა N 12-ში“, – წერს სოციალურ ქსელში ქეთი ტორონჯაძე.
ქეთევან ტორონჯაძის მიმართვის ტექსტს სოციალური ქსელის მომხმარებელთა დიდი რაოდენობა გამოეხმაურა. პოსტს სულ მცირე, 551 გაზიარება აქვს და 27 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. „კვირა“ ამ საკითხით დაინტერესდა და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მივმართეთ.
“მაჩაბლის ქ. N12-ის მომიჯნავედ, ლერმონტოვის ქ.N 12-ში შენობის რესტავრაცია-ადაპტაციაზე ესკიზი 2012 წლის ივლისში შეთანხმდა, ხოლო ნებართვა 2013 წლის 14 იანვარს გაიცა. მას შემდეგ, რამდენჯერმე მოხდა პროექტის კორექტირება, თუმცა მაჩაბლის ქ. N12-ის მიჯნასთან მიმართებაში, პროექტის კონფიგურაცია არ შეცვლილა”, – აცხადებენ მერიაში.
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ წლების წინ, ქეთევან ტორონჯაძის სახლის ფანჯარა, საიდანაც იგი ყოველ დილით ქართლის დედას უყურებდა, ნებართვის გარეშე, თვითნებურად იყო გაჭრილი და თვითნებურადვე ჩასვეს. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ოთხსართულიანი სახლი, რომელზეც ქეთევან ტორონჯაძე საუბრობს, მამუკა ჯანგავაძეს ეკუთვნის. მან ეს სახლი მემკვიდრეობით ბაბუისგან გასულ საუკუნეში მიიღო. რა გინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მეზობლები – ქეთევან ტორონჯაძე და მამუკა ჯანგავაძე ერთმანეთს არ იცნობენ.
როგორც „კვირას“ მამუკა ჯანგავაძემ განუცხადა, მეზობლებმა მას სახლის მშენებლობის გამო, რამდენიმე წლის წინ, მერიის არქიტექტურის სამსახურში უჩივლეს. უფრო მეტიც, მომჩივანმა მხარემ მერიაში ვერ წარადგინა რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც ფანჯრის არსებობის კანონიერებას დაადასტურებდა.
„ეს სახლი 1948 წელს შეიძინა ბაბუაჩემმა. ამის შემდეგ, დიდი ხნის შემდეგ, 2016 წელს, შევაგროვე ყველა სახის დოკუმენტაცია და 2017 წელს მშენებლობა დავიწყეთ. რაც ავაშენე, იყო აბსოლუტურად კანონიერი. მათი პრეტენზია და საკითხები ჯერ კიდევ 2017 წლის იანვარში განიხილეს თბილისის მერიაში, თუმცა მაშინ მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ერთი მარტივი მიზეზის გამო – მომჩივანმა მხარემ ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც ფანჯრის არსებობის კანონიერებას დაადასტურებდა. როდესაც მერიის იურიდიულმა სამსახურმა მათი საჩივარი განიხილა, ვერც კი გაასაჩივრეს, რადგან დოკუმენტი არ ჰქონდათ. ეგ ფანჯარა თავად თვითნებურად ჩასვეს, მანდ ფანჯარა საერთოდ არ უნდა ყოფილიყო და არც არსებობდა თავდაპირველ იერსახეზე. ეს აღნიშნულია მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ, დასკვნაშიც არის მითითებული. ამას ადასტურებს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაც. სხვათა შორის, სხვა მეზობლებსაც ჰქონდათ ანალოგიურად ფანჯრები და მერე ამოაშენეს და სხვაგან გადაიტანეს. ზოგმა სად ამოჭრა კედელი, ზოგმა – სად და ზიანი მიაყენა თავისივე კედელს. ამ ყველაფერს უნებართვოდ აკეთებდნენ. მეც მაქვს პრეტენზია – ჩემს ეზოში იყურებიან, მე რაც მაქვს, ყველაფერი მაქვს კანონის ფარგლებში და ზუსტად ისე, როგორც ითხოვს არქიტექტურის სამსახური და ძეგლთა დაცვა.
მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფანჯრები უნებართვოდ ჰქონდათ გაჭრილი, მე ჩემს პროექტში ისეთი ნორმები გავითვალისწინე, რომ მოვიკელი ფართი ჩემს ტერიტორიაზე, ჩემს წითელ ხაზებზე, რათა მათ სინათლე და ჰაერი შესვლოდათ. ეს იყო ჩემი კეთილი ნება“, – აცხადებს მამუკა ჯანგველაძე „კვირასთან“ საუბრისას.
პ.ს. არსებული საკითხის ირგვლივ მტყუან-მართლის განსჯა მკითხველისთვის მიგვინდია.
 

 

 

 

 

 


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები