დღეიდან “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონი ამოქმედდა

დღეიდან “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონი ამოქმედდა – დღეიდან მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების არანებაყოფლობითი ინსპექტირება იწყება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, კანონის მოქმედება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით, მის მიზანს სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა, პროფესიული დაავადებების დროული გამოვლენა, მათი პრევენცია და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება წარმოადგენს.
საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ დამსაქმებელთა და დასაქმებულთათვის აწესებს ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა: უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა დამსაქმებელთა, დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირებისთვის. დასაქმებულთათვის უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა; სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება; შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სერტიფიცირებული პირის გამოყოფა; დამსაქმებლის ხარჯით, მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულების უბედური შემთხვევის დაზღვევის უზრუნველყოფა.
კანონის მიხედვით განისაზღვრა არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები, რომლისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები, კერძოდ, გაფრთხილება, ჯარიმა, სამუშაო პროცესის შეჩერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები