აზეულას ციხეზე პირველი სპორტული ლაშქრობის 100 წლისთავი აღინიშნა

მთაწმინდის რაიონის გამგეობის, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით, კოჯორში, აზეულას (ქოროღლის) ციხეზე, პირველი სპორტული ლაშქრობის 100 წლისთავი აღინიშნა.
ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღეს ბავშვებმა კოჯორში მცხოვრები სოციალურად დაუცველთა ოჯახებიდან, ასევე, დამსვენებლებელთა ოჯახებიდან.
მოზარდებმა აზეულას ციხე და მიმდებარე ტერიტორია, სადაც იუნკერთა მემორიალი მდებარეობს, რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დალაშქრეს.
ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროსა და სასკოლო სპორტის ფედერაციის წარმომდგენლები, რომლებმაც პატარა მოლაშქრეებს საჩუქრები დაურიგეს და ციხესიმაგრისა და ადგილის ისტორია გააცნეს.
პირველი სპორტული ლაშქრობა აზეულას ციხეზე 1918 წლის 31 ივლისს, სპორტსაზოგადოება „შევარდენის“ მიერ მოეწყო. „შევარდენის“ წევრები იუნკერთა სამხედრო სკოლაშიც სწავლობდნენ, რომელთა უმეტესობაც 1921 წლის თებერვალში, რუსეთის მეთერთმეტე არმიასთან ბრძოლის დროს, სწორედ აზეულას ციხის ფერდობზე დაიღუპა. მათი ხსოვნის საპატივცემულოდ ამ ადგილზე 2002 წლის 26 მაისს მემორიალი გაიხსნა.
მთაწმინდის გამგეობის ინიციატივით, სექტემბერში, აზეულას ციხეზე ახალი ტურისტული ბილიკის გახსნაა დაგემილი, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა – განათდება ციხე და მიმდებარე ტერიტორია, დამონტაჟდება საინფორმაციო ნიშნულები და დაფები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება იუნკერთა მემორიალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები