იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე მუშაობას განაგრძობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და „ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის” (BEC) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: „საბავშვო სამგზავრო სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად: სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობები და გამოწვევები”.
შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა. მისი განცხადებით, დღეს უკვე მეორე შეხვედრა იმართება მას შემდეგ, რაც მოხდა შეთანხმება საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.
„სამუშაო ჯგუფმა ძალიან კარგად დაიწო მუშაობა. ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელიც გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის ფარგლებში გვქონდა შევთანხმდით, რომ ცალკე გამოვყოფდით საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საკითხს როგორც გამოწვევას. იმ შეხვედრაზე წარმოდგენილმა საინტერესო კვლევამ და ასევე, პრეზენტაციამ დაგვანახა, რომ სამწუხაროდ, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ფიქსირდება ბავშვების გარდაცვალებისა და დაშავების ფაქტები. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, სწორედ საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოუყენებლობაა”,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იგი რეგულაციების სავალდებულო სახით არსებობის მომხრეა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს პრობლემური საკითხები იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების პოვნა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ, ჩატარდება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იქნება უკვე კანონპროექტი და მოხდება მისი პრინციპების დონეზე განხილვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იმისათვის, რომ პროექტის ინიცირებამდე მოხდეს ყველა საკითხზე შეთანხმების მიღწევა, შეხვედრაში აქტიურად იქნებიან ჩართული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საჯარო დისკუსიის ფორმატში საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკაზე, ევროკავშირის სტანდარტებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარემ, ეკატერინე ლალიაშვილმა. საბავშვო სამგზავრო სავარძლების შესახებ სოციალური კვლევის შედეგები ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი იზორიამ წარმოადგინა.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო ასევე საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობებსა და გამოწვევებს. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები