თბილისის საკრებულოს დელეგაციამ ჩინეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ – გიორგი ახვლედიანმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან – ქეთევან მამულაშვილთან და ლევან დარახველიძესთან ერთად, ჩინეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
ქართულ დელეგაციას ქალაქ გუანჯოუში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგლემ იუ მინგ იონგმა და აღნიშნული კონგრესის მუდმივმოქმედმა წევრებმა უმასპინძლეს. მხარეებმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, საცობების აღმოფხვრის გზებზე, ასევე პარკირების სისტემასა და ავტო პარკების შესახებ იმსჯელეს და აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.
დეპუტატებმა, ასევე შეხვედრები გამართეს პეკინსა და გუან დუნგის პროვინციის ქალაქ შაოგოანსა და შენჟენში. შაოგოანის ვიცე-მერმა ჩენ ლეიმ ქართულ მხარეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობის სპეციფიკა გააცნო, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეებმა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციები გაცვალეს.
პეკინში თბილისის საკრებულოს წევრები სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს უანგ აიჯუნს შეხვდნენ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს. როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი ახვლედიანმა აღნიშნა, ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტების მსგავსი შეხვედრები, ხშირი საქმიანი კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთთანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
ჩინეთის დელეგაცია საქართველოს ანალოგიური ფორმატით მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები