18 წლის მიხეილ სხვიტარიძეს დახმარება ესაჭიროება – “თურქეთში მზად არიან მიშოს მორიგი ოპერაცია გაუკეთონ და კუზი „მოაჭრან“

18 წლის მიხეილ სხვიტარიძე მხოლოდ 35 კილოგრამს იწონის. იგი გაჭირვებით გადაადგილდება, უჭირს სუნთქვა და ყლაპვა, ცალი ფილტვი არ ფუნქციონირებს, მხედველობა დაქვეითებული აქვს… რომ არა ტკივილგამაყუჩებელი წამლები, მიშო ნამდვილად ვერ გაუძლებდა აუტანელ ტკივილებს, რომლებიც ძირითადად ღამით ეწყება.

ყველაფერი 12 წლის წინ დაიწყო. მიშო ჯანმრთელი და „პუტკუნა“ ბიჭი იყო, მის ჯანმრთელობას თითქოს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ უცებ, 6 წლის ასაკში, მას ზურგზე წამონაზარდი გაუჩნდა. სამტრედიაში, სადაც სხვიტარიძეების ოჯახი ცხოვრობდა, ექიმებმა არ მიაქციეს ამ ფაქტს ყურადღება და მალამო დაუნიშნეს.

სამწუხაროდ, წამონაზარდი სწრაფად იზრდებოდა და გარკვეული ხნის შემდეგ დიდი ზომის კუზის ფორმა მიიღო. მიშოს მამა გარდაიცვალა, როცა იგი 1 წლის იყო, ამიტომ ავადმყოფი შვილის მოვლა-პატრონობა მთლიანად დედას დააწვა. მან გაყიდა სახლი და აღებული თანხით მიშო თურქეთის კლინიკაში წაიყვანა სამკურნალოდ.

„თურქმა ექიმებმა შესძლეს ჩემი შვილის ფეხზე დაყენება, რადგან იმ დროისთვის იგი უკვე ვერ დადიოდა. დიდება უფალს, რომ ჩემი შვილი გადარჩა და იმედი მომეცა, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა“, – ამბობს მიშოს დედა, ციური სხვიტარიძე.

საერთო ჯამში, მიხეილ სხვიტარიძემ 9-ჯერ გადაიტანა უმძიმესი ოპერაცია ხერხემალზე. შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა უხანგრძლივებს მას სიცოცხლეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ბიჭის მდგომარეობა ძალიან რთულია. თურქეთში მზად არიან მას მორიგი ოპერაცია გაუკეთონ და კუზი „მოაჭრან“, თუმცა ეს ყველაფერი 25 000 $ ჯდება! საიდან უნდა მოიტანოს ეს თანხა მიშოს ოჯახმა?!

სხვიტარიძეების ოჯახი ნაქირავებში ცხოვრობს ძალიან შეჭირვებულად. პენსია და სოციალური შემწეობა – აი, ამ ოჯახის შემოსავალი, რომელიც ძირითადად იხარჯება ავადმყოფის წამლების საყიდლად, ხოლო ხშირად მათ პურის ფულიც არ გააჩნიათ…

მიშო უაღრესად თბილი და მოსიყვარულე ბიჭია. მას კარგად ესმის თავისი მდგომარეობა, გულში ძალიან განიცდის, მაგრამ მაინც არ კარგავს იმედს, რომ სასწაული მოხდება და იგი ფეხზე დადგება!

„ღმერთო გევედრები, შეუმსუბუქე ჩემს შვილს მდგომარეობა, მიეცი მას ძალა, რომ არ დანებდეს და განაგრძოს ბრძოლა სიცოცხლისთვის…მე არ ვკარგავ იმედს, რომ ჩემი შვილი გამოჯანმრთელდება, თუმცა სიღარიბემ შეგვიკრა ხელები… მიშო საჭიროებს წამლებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საკვებ პროდუქტებს… ჩვენ ძალიან შეჭირვებულად ვცხოვრობთ, მე თავად დიაბეტი დამემართა ნერვიულობის ფონზე, მაგრამ ჩემს მდგომარეობას არ ვჩივი…“, –  ამბობს  მიშოს დედა ციური სხვიტარიძე.

მეგობრებო, მოდით დავეხმაროთ მიხეილ სხვიტარიძეს, მოდით გავუთბოთ ჩვენი ყურადღებით მას გული და მივცეთ მომავლის იმედი! ნებისმიერი სახის დახმარებას მისთვის ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს!

მიშოს დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შესაძლებელია “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მიხეილ სხვიტარიძე) ან ფონდის საიტიდან:

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები