მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ხვედელიძე ქართული ენის დისტანციური სწავლების ქვეპროგრამის ფარგლებში პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ტრენინგს დაესწრნენ.

ტრენინგზე მასწავლებლები დისტანციური სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავებულ პროგრამას გაეცნენ და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა  საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა, დამატებითი რესურსების ანალიზი, გაკვეთილის გეგმის პრეზენტაციები და სამომავლო გეგმების დასახვა.

ქვეპროგრამა ქართული ენის დისტანციური სწავლება 2016 წლის ოქტომბრიდან ხორცილდება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, ხელმისაწვდომია უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის. ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულია 200-ზე მეტი მოსწავლე 36 ქვეყნიდან.

ქართული ენის დისტანციური სწავლების მიზანია, ხელს შეუწყოს ქართული ენისა და კულტურის გავრცელებას და უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისათვის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას. პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ონლაინ-გაკვეთილები ეფუძნება სწავლების ინტერაქტიულ მეთოდს, რომლის ფარგლებშიც გამოყენებულია მრავალფეროვანი და საინტერესო ონლაინ-ინსტრუმენტები. დისტანციური სწავლება 5-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.

პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და კომპანიის „Microsoft – საქართველო“ მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები