საპატრიარქო ფოთისა და ხობის ეპისკოპოსის, მეუფე გრიგოლის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

თუ კი წამოჭრილ თემასთან დაკავშირებით კითხვები მაინც ვინმეს აქვს, უნდა მიმართონ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი), რადგან, როგორც ჩანს, რეალურად სხვამ არავინ იცის, რას და ვის გულისხმობდა იგი, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს, რომლითაც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის მიერ ტვ-პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

საპატრიარქოს განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.

“როგორც ცნობილია, ა.წ. 23 ივლისს ,,ტვ პირველის” ეთერში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) გამოსვლამ დატოვა კითხვები, რასაც შემდეგ ,,რუსთავი 2“-მა სამი გადაცემა მიუძღვნა, თემა ,,განავითარა” და არაერთი საერო პირისადმი გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებები გააჟღერა.

 

ვფიქრობთ, ყოველივე ამის მიზანი იყო, ჩრდილი მიეყენებინათ მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ საზოგადოებაში არსებული დადებითი განწყობისადმი და, სხვა მიზეზი რომ ვერ მოძებნეს, მოინდომეს მისი პრორუსულ ძალად წარმოჩენა, რომელიც, თურმე, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ მისმა უწმინდესობამ იძულებით გამოარჩია (მიანიშნებენ რუსულ ჩარევაზე) და ასევე იძულებით, დაჩქარებული წესით, უნდა მომხდარიყო პატრიარქად მისი გახდომა.

ამ იდეების გამავრცელებლებმა სინამდვილეში თვითონაც კარგად იციან კათოლიკოს-პატრიარქის ხასიათი, რომ ვინმეს ზეწოლით იგი არასდროს მოქმედებს და გამორიცხულია მისი იძულება, მით უმეტეს ეკლესიისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით; რა თქმა უნდა, იგივე ითქმის მოსაყდრესთან მიმართებაშიც.

ხოლო თუკი წამოჭრილ თემასთან დაკავშირებით კითხვები მაინც ვინმეს აქვს, უნდა მიმართონ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი), რადგან, როგორც ჩანს, რეალურად სხვამ არავინ იცის, რას და ვის გულისხმობდა იგი.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ტვ-პირველის ეთერში ფოთისა და ხობის ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქმა მოსაყდრე შიო გამოარჩია, უწმინდესს გადადგომას არა სასულიერო, არამედ საერო პირები ურჩევდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები