ნინო ლომჯარია მთავარ პროკურორს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს მთავარ პროკურორთან შალვა თადუმაძესთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე პროკურატურასა და სახალხო დამცველის აპარატს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, სისტემური მნიშვნელობის სისხლის სამართლის საქმეებზე სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის მიწოდების საჭიროებას, განსაკუთრებით, როდესაც გამოძიება სიცოცხლის მოსპობის, წამებისა თუ არასათანადო მოპყრობას შეეხება.
ნინო ლომჯარიამ მთავარ პროკურორთან საგამოძიებო უწყებაში არსებულ იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რომელთა იდენტიფიცირება სახალხო დამცველის აპარატმა მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე მოახდინა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია დაზარალებულებსა და პროკურატურას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება.
სახალხო დამცველი ასევე დაინტერესდა გახმაურებული საქმეების გამოძიების მიმდინარეობით, რომელშიც აქტიურად არის ჩართული ომბუდსმენის აპარატი.
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორთან შეხვედრებს გარკვეული პერიოდულობით, საჭიროებიდან გამოდინარე გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები