აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები და შედეგები – ჟურნალისტები სამეგრელოს რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნენ (ფოტოკოლაჟი)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში მედიატური გაიმართა. მედიასაშუალებების წარმომადგენლები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას და არსებულ ვითარებას გაეცნენ. სამდღიანი მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბი მოინახულეს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სქემით უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შტაბის ხელმძღვანელებისაგან ჟურნალისტებმა მოისმინეს ინფორმაცია მავნებლის მონიტორინგის შედეგების შესახებ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მონაცემები ყოველდღიურ რეჟიმში განახლებადია. ქვეყნის ტერიტორიაზე (მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში), დამონტაჟებულია 9 ათასამდე მონიტორინგის სისტემა. დღეს არსებული შედეგებით, მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და კვლავაც სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ტერიტორიაზე ფიქსირდება. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მიმდინარეობს შეწამვლითი ღონისძიებები. მოსახლეობის ოპერატიულად ინფორმირების მიზნით, ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, მუშაობს ცხელი ხაზი. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მავნებელთან ბრძოლის ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა. მიმდინარე წელს, მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის ტექნიკა, რაც შარშანდელთან შედარებით გაათმაგებულია. მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, მეთხილეთა ასოციაციაში შეხვედროდნენ ადგილობრივ ფერმერებს და მოესმინათ ინფორმაცია დარგში არსებულ ვითარებაზე. ფერმერებმა ხაზგასმით აღინიშნეს, რომ აზიური ფაროსანას გავრცელება წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული.  „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას თქმით, იმ ფერმერებს – ასოციაციის წევრს და არაწევრებსაც, რომლებმაც გაითვალისწინეს რეკომენდციები და რჩევები წამლობასთან და თხილის მოვლასთან დაკავშირებით, თხილის მოსავლის ძალიან კარგი შედეგი აქვთ.
„ჩვენ, ჩავატარეთ იმ ფერმერების მოსავლის კვლევა, რომლებმაც შეწამლეს ბაღები საჭირო რაოდენობით, გავარკვიეთ მოსავლის შედეგიანობა და რაოდენობა და ასე დავთვალეთ მოუვლელი ბაღების შედეგი. მერწმუნეთ, სხვაობა ძალიან დიდია. სწორედ ამიტომ, იმედი გვაქვს, ამ მაგალითით მომავალი წლიდან, ყველა ფერმერი სახელმწიფოსთან და ასოციაციასთან ერთად, იგივე მეთოდებით იბრძოლოებს მავნებლის წიაააღმდეგ, როგორც ფერმერთა ნაწილი, რომლის მოსავალსაც ფაროსანამ თითქმის ვერაფერი დააკლო წელს. დღეის მდგომარეობით სტატისტიკური ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, რადგან თხილის მოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილია დაბინავებული, თუმცა, ესეც უკვე აჭარბებს იმ შედეგს, რაც გასული წლის ბოლოს იყო„ – განაცხადა გიორგი თოდუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ასევე, ეგრეთ წოდებული ანჯელის მასივის საყანე ფართობებში მიმდინარე მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები და ადგილობრივ ფერმერებს გაესაუბრნენ.

როგორც ფერმერებმა მედიის წარმომადგენლებთან საუბარში აღნიშნეს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების შედეგად, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს ვითარება ცალსახად უკეთესობისკენ არის შეცვლილი, რაზეც უვნებელი მოსავალი მეტყველებს.

„ფაქტი სახეზეა, შეწამვლითმა ღონისძიებებმა აშკარად ეფექტური შედეგი გამოიღო, შარშან ძალიან ცუდი მოსავალი გვქონდა – ორ ტონა-ნახევარი თხილი მივიღე, საიდანაც მხოლოდ 500 კილო ჩავაბარე, დანარჩენი ცეცხლში დავწვი, წელს იდეალური შედეგი მაქვს, ფაქტობრივად, 100%- იანი. მაგალითისთვის 30 თხილი გავტეხე და მათგან ყველა საღი იყო. ამ ეტაპზე, პირველ მოკრეფვაზე ორ ტონამდე უკვე მოკრეფილი მაქვს,დანარჩენი მოსაკრეფია. აღსანიშნავია, რომ თხილთან ერთად შარშან ყველაფერი გაანადგურა, ახლა ვაშლიც არის, მსხალიც არის და სხვა ხილიც საღია“, -აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში სოფელ ტყვირის მცხოვრებმა, ფერმერმა რაულ ჯამაშურიამ.

ამავე სოფლის მკვიდრი ფერმერი გია თედორაძე ამბობს, რომ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების შედეგად თხილის მსგავსად, წელს, სიმინდის მოსავალიც სახარბიელოა.

„მე ძირითადად სიმინდის ყანა მაქვს, სადაც შეწამვლის 4-5 ღონისძიება სახელმწიფომ ჩაატარა, 2 -ჯერ კი ჩემი ძალებით შევწამლე, შედეგი არის აშკარად სახარბიელო, მოსავლის თითქმის 90 %- ი საღია. ასევე მინდა აღვნიშნო რომ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები კარგად ორგანიზებულია, მასობრივი შეწამვლების თაობაზე წინასწარ ეცნობება მოსახლეობას და ყველაფერი სათანადო პროცედურების თანახმად ხორციელდება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადგილორვიბემაც როდესაც საკუთარი ძალებიც წამლავენ საკარმიდამო ნაკვეთებს შესაბამისად აღჭურვილებმა განახორციელონ ეს. მე პირადად ასე ვიქცევი და არანაირი უკუჩვენება არ ყოფილა შეწამვლისას“, -აღნიშნა გია თედორაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით მიმდინარეობს.

„აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით მიმდინარეობს. ამ სტრატეგიის ერთ ერთი ძირითადი მიმართულებაა აქტიური საინფორმაციო კამპანია და საზოგადოების ინფორმირებულობა. მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ იმ სამუშაოებს, რომლებსაც სააგენტოს სპეციალისტები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ და ენახათ მიღებული შედეგი. სისტემური და ორგანიზებული მუშაობის შედეგია, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, გვაქვს ხელშესახები შედეგი და მავნებლის პოპულაცია შემცირებულია. ჩვენ ვაგრძელებთ კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს აქტიურ მონიტორინგს, შეწამვლით სამუშაოებს და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას”, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

დღეის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 360 ათასამდე ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით – 13 ათასზე მეტი ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე” სადგურების გამოყენებით (ცივი შესხურებით) – 27 ათასზე მეტი ჰექტარი. მონიტორინგის მიზნით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე” სადგური.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები