რუსთავის გზატკეცილზე უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერი მოეწყობა

კრწანისის რაიონის გამგეობამ ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N18-ში უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერის მოწყობა დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობისთვის განკუთვნილი 3100 კვ.მ-ზე განთავსებული ახალი სკვერი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„უსინათლოებისთვის მარტივად გადასაადგილებელი ბილიკები 215 კვ.მ-ზე ტაქტილური ფილებით მოეწყობა, დეკორატიული ფილები 1100 კვ/მ-ზე განლაგდება, 165 კვ.მ-ზე კი, კაუჩუკის საფარი დაიგება. ბეჭდური არმირებული საფარით 210 კვ.მ მოპირკეთდება, ხოლო საბაღე სამუშაოები 1 450 კვ.მ-ზე ჩატარდება.
სამუშაოების ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, ადაპტირებული სასმელი წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი. სკვერი გამწვანდება ხუთი სხვადასხვა ჯიშის 80 ძირი ხე-მცენარით. აღნიშნულ სკვერში ასევე, მოეწყობა სარწყავი სისტემა“,- აცხადებენ მერიაში.
კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის დეტალები განიხილა.
„აღნიშნულ დასახლებაში ბევრი უსინათლო ადამიანი ცხოვრობს. ვცდილობთ, მათთვის გარემო მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. სწორედ ამიტომ, ქვემო ფონიჭალაში პირველად ეწყობა თანამედროვე სკვერი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი რეკრეაციული ზონა იქნება. სკვერი ასევე, უსინათლოებზე იქნება ადაპტირებული და მორგებული“, – აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ.
სკვერის მოწყობისთვის კრწანისის რაიონის ბიუჯეტიდან 320 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები