„ბადაგონის“ დამფუძნებლის ადვოკატი: გიორგი სალაყაია აქციების მესამე პირებზე, უკანა თარიღით გადაყიდვას ცდილობს

კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებლის, ვლადიმერ ჯანჯღავას და „გრაკორო თრეიდ ლიმიტედის“ ადვოკატის, იმედა დვალიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „ბადაგონის“ მითვისების პროცესში არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სამართალდამცავი უწყების მიერ გამოვლენილი ფაქტების და გარემოებების მიუხედავად, პროკურატურამ „ბადაგონთან“ დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყვიტა.
როგორც ადვოკატმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის შემდეგ კომპანიის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაუდებელ აუცილებლობად ჩათვალა დაუყონებლივ დაყადაღებულიყო გიორგი სალაყაიას ქონება.
მისივე ინფორმაციით, ყადაღა დაედო, როგორც სალაყაიას უძრავ და მოძრავ ქონებას, ასევე კომპანია „ბადაგონში“ მის სახელზე რიცხულ წილსაც.
„მოგახსენებთ, რომ გიორგი სალაყაიამ თაღლითური გზით მოახერხა კომპანიის რეალური მფლობელის ვლადიმერ ჯანჯღავას დარწმუნება „ბადაგონის“, თითქოსდა, გაკოტრებაში, რის შემდეგაც ასევე თაღლითურად, კომპანიის „გადარჩენის“ მიზნით, გაიფორმა კომპანიის 100 %-იანი წილი და საბანკო კრედიტის აღების მოტივაციით, მიითვისა კომპანია „ბადაგონი“.
თებერვლის თვეში კომპანიაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ამავე პერიოდიდან გიორგი სალაყაია ცდილობდა კომპანიის სამართლებრივი ფორმის შეცვლას, რაც აპრილის თვეში განახორციელა კიდევ და შპს „ბადაგონი“ გარდაქმნა სააქციო საზოგადოებად, მას შემდეგ რაც სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დააყადაღა მის სახელზე რიცხული აქციები, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გიორგი სალაყაია ცდილობს, ამ აქციების მესამე პირებზე უკანა თარიღით გადაყიდვას.
ვაფრთხილებთ, როგორც გიორგი სალაყაიას, ასევე ნებისმიერ პირს, რომელზეც შესაძებელია, მოხდეს ამ აქციების გადაფორმება- ყველა გარიგებაზე, რომელიც შედგება უკანა, ან ნებისმიერი თარიღით ამ აქციებთან დაკავშირებით, განხორციელდება კანონით დადგენილი სამართლებრივი პროცედურები. ყველა იმ პირმა, რომელიც მასთან ამ უკანონო გარიგებაში შეიძლება შევიდეს, უნდა იცოდეს, რომ გიორგი სალაყაია არ არის აქციების ნამდვილი მესაკუთრე. ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სალაყაია აპირებს აქციების პირებზე გადაფორმებას, ადასტურებს, ისიც, რომ იგი დღემდე შეგნებულად ამბობს უარს აღმასრულებელთან თანამშრომლობაზე და სახელმწიფოს წარმომადგენელს არ აწვდის ინფორმაციას კომპანია „ბადაგონის“ აქციების რეგისტრაციის და მარეგისტრირებლის თაობაზე“- განაცხადა იმედა დვალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები