კომპანია “არემჯიმ“, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა და მეღვინეთა გაერთიანებამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს

ქართული ვაზისა და ბოლნური ღვინის კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, კომპანია “არემჯიმ“ და მეღვინეთა გაერთიანებამ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სამმხრივი მემორანდუმი გააფორმეს.

მემორამდუმს ხელი დავით შერაზადიშვილმა, ჯონი შუბითიძემ და გურამ ავქოფაშვილმა მოაწერეს. მხარეები აღიარებენ მევენახეობა-მეღვინეობის დარგს, როგორც ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს და გამოხატავენ მზადყოფნას ქართული ვაზისა და ბოლნური ღვინის კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლების, რეგიონში დარგის პოპულარიზაციის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის, ქვემო ქართლში ღვინის ტურიზმის პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობისათვის.

მხარეებმა მემორანდუმის ფარგლებში აიღეს ვალდებულება, რომ ერთობლივი ძალისხმევით ხელს შეუწყობენ: ბოლნისში ღვინის ქართული წესით – ქვევრში დაყენების ტრადიციის დამკვიდრებას; ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში ბოლნური ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას; საჭიროებისამებრ მეღვინეთა გაერთიანებაში შემავალი საოჯახო მარნების ღვინის ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას; ბოლნისელი მეღვინეების მომავალ განვითარებას; ბოლნური ღვინის კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდას; მეღვინეთა გაერთიანებაში შემავალ საოჯახო მარნების წარმომადგენლებისათვის დარგთან დაკავშირებული სიახლეების სისტემატურ გაცნობასა და რეგიონში ღვინის ტურიზმის პოტენციალის გაძლიერებას.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით ბოლო პერიოდია აქტიურად დაიწყო ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაცია, რომელსაც განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია.  ხელი მოვაწერეთ მემორნადუმს, რითაც კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მზაობა ხელი შევუწყოთ რეგიონში დარგის განვითარებასა და ბოლნისური ღვინის ცნობადობის ამაღლებას. ყოველწლიურად იზრდება ბოლნისში საოჯახო მარნების რაოდენობა. თუკი რამდენიმე წლის წინ აქ ქვევრის ღვინოს წარმოება არ ხდებოდა, ახლა სურათი რადიკალურად იცვლება, რაც ბოლნისის ეკონომიკური განვითარებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კომპანია არემჯის, რომელმაც ასევე გამოთქვა სურვილი გვერდში დაუდგეს ჩვენს მეღვინეებს. მჯერა, ბოლნისური ღვინოები კიდევ უფრო პოპულარული და გაყიდვადი გახდება მომავალში“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები