სასამრთლომ ქალ მსჯავრდებულთა შემოწმების დღეს მოქმედი პროცედურა კონსტიტუციურად მიიჩნია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულთა შემოწმების დღეს მოქმედი პროცედურა.
დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე- „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №665 და №683), რომლის თანახმად N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ პატიმართა დაწესებულებაში მიღებისა და დატოვების დროს დადგენილი შემოწმების მოქმედი პროცედურა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან.
კონსტიტუციურ სარჩელებზე საქმის არსებითად განხილვის საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებს და პირიქით, წარმოადგენს დასახული მიზნის მისაღწევ, გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. სასამართლომ დაადგინა, რომ გარესამყაროსთან კონტაქტის შემთხვევებში და დაწესებულებაში გადაადგილებისას (სამარტოო საკანში მოთავსება) პირის გაშიშვლების დაშვება პასუხობდა კონსტიტუციის მოთხოვნებს.
სასამართლოს განმარტებით: „მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება, რომელიც მოიცავს პირის ვალდებულებას, გაშიშვლდეს და გაიშიშვლოს სხეულის გარკვეული ნაწილები სხვა პირთა თანდასწრებით, იწვევს დისკომფორტისა და სირცხვილის შეგრძნებას, თუმცა სრული პირადი შემოწმება ემსახურება პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის ან/და სამართალდარღვევის თავიდან აცილების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე სხვა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნებს და წარმოადგენს მათი მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას.
გარდა ამისა, სასამართლომ, ცალსახად და მკაფიოდ მიუთითა, რომ სკანერით შემოწმება და სრული პირადი შემოწმება არ არის სრულიად ურთიერთჩანაცვლებადი ღონისძიებები. შეუძლებელია, სკანერის მეშვეობით ყველა აკრძალული ნივთის, ნივთიერების, წარწერისა თუ სხვა ობიექტის აღმოჩენა, რომელთა შეტანა, დამზადება, ბრუნვა საფრთხეს უქმნის პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგს, იქ მოთავსებული და დასაქმებული პირების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
შესაბამისად, სასამართლომ ძალაში დატოვა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების ის ნორმები, რომელიც N5 პენიტენციურ დაწესებულების მიღებისა და დატოვების დროს პატიმართა შემოწმებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები