ნათია მეზვრიშვილი კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა – კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა და ადამიანის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საგამოძიებო რეფორმის კონცეფცია გააცნო და მათი რეკომენდაციები მოისმინა. დისკუსია გაიმართა ასევე ე.წ. წინასაგამოძიებო საქმის წარმოების პრობლემატიკაზე და მისი მოგვარების გზებზე.
კრიმინალური პოლიციის მიმდინარე რეფორმა საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციების გამიჯვნას, გამოძიების პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის კომპეტენციების მკაფიო განსაზღვრას, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებას, გამოძიების ხარისხის ამაღლებას და პოლიციაში მიღების წესის დახვეწას გულისხმობს.
რეფორმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ხედვა და უკვე გადადგმული ნაბიჯები ფართო საზოგადოებისთვის შემოდგომაზე გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები