წესების დარღვევის გამო, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს სანქციები დაეკისრათ

დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში, “ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის” მოთხოვნათა დარღვევების გამო, 36 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, ხოლო 68 პუნქტს ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, დარღვევები ძირითადად, დაფიქსირდა ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობასა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდების გამო, მათ შორის, ტრანზაქციის გაუქმების შესაძლებლობის, საკომისიოს და საყურადღებო კურსის გამოყენების თაობაზე.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად განახორციელებს შემოწმებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიოსთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406 ან მოგვწეროთ – cp@nbg.gov.ge „- აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები