ავთანდილ ცინცაძე – ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში არსებულ არასასურველ ვითარებას შეცვლის

თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის, ავთანდილ ცინცაძის აზრით, დედაქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქში არსებულ არასასურველ ვითარებას და მწვავე პრობლემებს მოაგვარებს.
“სითი კვირასთან” საუბრისას ავთანდილ ცინცაძემ ცალკეულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალი კონცეფცია მიზნად კერძო ავტომობილების საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლებას ისახავს.
“ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობისთვის კომფორტული და სასურველი გავხადოთ. ქალაქში არსებული 655 ავტობუსიდან 511 მოძველებული და ამორტიზებულია. 2018-19 წლებში ჩვენ ავტოპარკის განახლებას ვაპირებთ, რაც მსგავსი ავტობუსების ახალი, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლებას გულისხმობს. 2020 წლამდე ქალაქს კიდევ შეემატაება ახალი ავტობუსები და საბოლოოდ, ქალაქში 900-მდე ახალი ავტობუსი გვეყოლება.”- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ და განმარტა, რომ მთელ ქალაქში, საბურთალოს მსგავსად, მოეწყობა ბასლაინები, სადაც ავტობუსები ყოველგვარი შეფერხების გარეშე იმოძრავებენ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ავტობუსების საკითხი არ არის ერთადერთი, რომელზეც სატრანსპორტო კონცეფცია ყურადღებას ამახვილებს. მისი თქმით, იგეგმება მეტროს ვაგონების დამატება და ზოგადად, მეტროპოლიტენის რეაბილიტაცია, რაც მეტროთი მგზავრობას მეტად კომფორტულს გახდის და მატარებლებს შორის ლოდინის ინტერვალს შეამცირებს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მიკროავტობუსების ავტობუსებით ჩანაცვლებაც, რის შედეგადაც, მიკროავტობუსი ივლის მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც, მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ავტობუსი ვერ გადაადგილდება.
რაც შეეხება ზონალურ-საათობრივ პარკინგს, დეპუტატმა განმარტა, რომ მიმდინარეობს იმ ადგილების შესწავლა, სადაც პარკინგი განსაკუთრებით მოთხოვნადია და უახლოეს მომავალში ქალაქის ხელმძღვანელობა მოქალაქეებს მათთვის სასურველ, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს შესთავაზებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები