გიორგი გაბიტაშვილი: ფარდულის დაცვა საგამოძიებო ორგანოებს ევალებოდათ დათვალიერებამდე

„ბანკში რომ მკვლელობა მოხდეს, რამდენი ხანი უნდა იყოს ბანკი დალუქული?“, – ამ განცხადებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა მთავარი პროკურორის მოადგილეს გიორგი გაბიტაშვილს მიმართა და დაინტერესდა ევალებოდათ თუ არა სამართალდამცავ უწყებებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ ფარდულის დაცვა.

კითხვას გიორგი გაბიტაშვილმა უპასუხა, რომ რაც საგამოძიებო ორგანოებს ევალდებოდათ, ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად შესრულდა.

„როგორც პროკურორის, ასევე გამომძიებლის მოვალეობები განსაზღვრულია საპროცესო კოდექსით. ამ ფარდულის დაცვა საგამოძიებო ორგანოებს ევალებოდათ მის დათვალიერებამდე, რაც პირნათლად შეასრულეს, ამის შემდეგ კი მისი დაცვის ვალდებულება აღარ არსებობდა. წარმოიდგინეთ ბანკის ოფისი, სადაც მოხდა მკვლელობა, რამდენი ხანი შეიძლება იყოს დალუქული ეს ბანკი? მას შემდეგ რაც კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ, შემთხვევის ადგილის დაცვის ვალდებულება აღარ არსებობს. თუ მაინც და მაინც ვინმეს სჭირდება საგამოძიებო ექსპერიმენტი, ფარდულის ზომები დაცულია, ყველას აქვს საშუალება ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება. რაც შეეხება მტკიცებულებებს, იქ იყო სისხლის კვალი, რომელსაც სჭირდება სპეციალური შენახვა. ლენტიც რომ შემოგვევლო ამ ტერიტორიისთვის, არაფერი შეიცვლებოდა. იმ ადგილიდან ამოღებულია ყველა მტკიცებულება, დაცვის მხარე ამ ფორმით არ დაობს, მსგავსი პრეტენზიას ამ კუთხით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ“, – აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები