ვასო ურუშაძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ის ინიციატივებია, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა “ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ მერიის მიერ წარმოდგენილი დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

მისი თქმით, ეს არ იყო ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა, ეს იყო კონცეფციის დონეზე იმ ინიციატივების ჩამონათვალი, რომელიც თბილისის მერიას გეგმაში აქვს.
„მათგან უმრავლესობა რეალურად არის ის ინიციატივები, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ და წლებია, რეკომენდაციებით მივმართავთ თბილისის მერიას.
პირველ რიგში, ეს არის სატრანსპორტო ნაკადების ელექტრონული მართვა. 2011 წელს დაიწყო ეს პროცესი, შეიძინეს ჭკვიანი შუქნიშნები, შესაბამისი პროგრამა, თუმცა, დღემდე ვერ მოხერხდა ამ სისტემის დანერგვა, რომელიც ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საცობების პრევენციის თვალსაზრისით. თუ ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები, რომელ ქუჩაზე, რომელ უბანში, რომელ გზაჯვარედინზე რა ინტენსივობის მოძრაობაა, როგორია გამტარუნარიანობა და ა.შ. თუ არ ვფლობთ ამ ციფრებს, მოცამულობას, შეუძლებელია, ვიმსჯელოთ რაიმე პროექტებზე, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, თუ საგზაო ორგანიზების შეცვლა და ა.შ“ – განაცხადა ურუშაძემ.

ურუშაძე ავტობუსების პარკის განახლების გეგმასაც გამოეხმაურა.

„შემდეგი მიმართულება ავტობუსების ავტოპარკის განახლებას შეეხება. რა თქმა უნდა, ცალსახად მისასალმებელია, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება გამოუცხადებს თანადგომას მერიას , გამოყოფს ფინანსებს და 2019 წლის ბოლომდე თბილისის ავტობუსების პარკი განახლდება. ინიციატივები, რომელიც შეეხებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, არის მისასალმებელი.
თუმცა, ეს არის მხოლოდ იდეები. ამ პროცესს თვალყურს ვადევნებთ და გვექნება მუდმივი მონიტორინგი“- განაცხადა ურუშაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამართა დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გუშინ გამართა.
„ტრანსპორტი არსებობს იმისთვის, რომ მოგვემსახუროს და არა იმისთვის, რომ გადაადგილებისა და ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ეკოლოგიური თვალსაზრისით და ტრანსპორტს ამ მიმართულებით, განსაკუთრებული როლი აქვს“
– განაცხადა კალაძემ.
სატრანსპორტო ნაკადების მართვა ჭკვიანი შუქნიშნების საშუალებით განხორციელდება. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა მონაცემების შეგროვებას და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ნაკადების მართვასთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, რამდენიმე ცენტრალურ უბანში პარკირების საათობრივი და ზონალური მართვის სისტემის ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული. ამავე დოკუმენტის თანახმად, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, ძალაში შევა რეგულაცია მარჯვენა საჭიანი, ორკარიანი და განსხვავებული ფერის მანქანების შეზღუდვაზე.
მერიის ცნობით, პარკირების რეგულირების მიზანია სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალური მართვა.
გარდა ამისა, სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამავე მიზნით იგეგმება ნაკადების მართვის „ჭკვიანი“ სისტემის ამოქმედება, რაც გულისხმობს „ჭკვიანი“ შუქნიშნების მეშვეობით მონაცემების შეგროვებას, სატრანსპორტო ნაკადების უკეთეს გადანაწილებას და მოძრაობის ორგანიზების ოპტიმიზაციას.
თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, 2018-2019 წლებში იგეგმება 511 ამორტიზებული ავტობუსის სრულად ჩანაცვლება, ხოლო 2020 წლისთვის ახალი ავტობუსების რაოდენობა 900 ერთეულამდე გაიზრდება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები