ვასო ურუშაძე: პრობლემა არა მიკროავტობუსების რაოდენობაა, არამედ ის, რომ სატრანსპორტო ქსელი არსწორადაა ორგანიზებული

თბილისში დღეს პრობლემა არა მიკროავტობუსების რაოდენობაა, არამედ პრობლემაა ის, რომ სატრანსპორტო ქსელი არსწორადაა ორგანიზებული,- ამის შესახებ სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე პლატფორმა “ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ურუშაძემ აღნიშნა, ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის მეტროპოლიტენი, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ქსელი.
„ანუ ისინი დღეს ერთმანეთის კონკურენტები არიან. ეს ნორმალურად განვითარებულ ქალაქში არ ხდება. ნორმალურ ქალაქში ხდება სატრანსპორტო ქსელების იმგვარად ორგანიზება, რომ ისინი ერთმანეთზე მუშაობენ. ანუ მიკროავტობუსებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი არეალი, ხაზები და მარშრუტები, სადაც ვერ უზრუნველყოფს მგზავრების ეფექტიანად გადაყვანას ავტობუსი ან მეტროპოლიტენი, მეტროპოლიტენს უნდა ჰქონდეს თავის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიის ფუნქცია, ავტობუსების მარშრუტებიც უნდა იყოს იმგვარად დაგეგმილი, რომ ეს სამივე სახეობა ერთმანეთთან სინქრონიზირებული იყოს, ისე შეკავშირებული, რომ ერთმანეთს ხელს უწყობდნენ და ქმნიდნენ კომფორტს, რომ მგზავრისთვის გადაადგილება იყოს რაც შეიძლება სწრაფი, კომფორტული და ეფექტიანი.
სისტემა, რომელიც არის ქალაქში, დასანგრევია, ქაოსურად არის ორგანიზებული. საჭიროა ახალი სატრანსპორტო ქსელის ორგანიზება. ამ კუთხით, მნიშვენლოვანია ერთიანი საგადასახადაო სისტემის დანერგვა“- განაცხადა ურუშაძემ.
ცნობისთვის, როგორც თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, 2019-2021 წლებში, დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების რაოდენობა შემცირდება.
მისივე თქმით, მიკროავტობუსებმა შესაძლოა, მხოლოდ ისეთ არეალებში იმოძრაონ, სადაც დიდი ავტობუსის მოძრაობა შეუძლებელია.
ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დღეისთვის, დედაქალაქში დაახლოებით, 2 000 მიკროავტობუსი მოძრაობს.
ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის თანახმად, 2019-2021 წლებში მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება, ხოლო ავტობუსებისა და მეტროს განვითარების პარალელურად, იგეგმება მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება და მათი სრულად განახლება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები