სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურ ადგილებში, შესაძლოა, მოწევა დასაშვები გახდეს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, მოწევა ნებადართული უნდა გახდეს.

ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მსგავს ადგილებში მონიტორინგის მიხედვით, მოწევის აკრძალვა გარკვეული კონფლიქტების მიზეზი ხდება.

„ვნახეთ, რომ საუკეთესო სტანდარტი, რომლის თანახმად, ნებისმიერი საგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულების, ტერიტორიაზეც კი არ უნდა იყოს მოწევა დაშვებული, ბოლომდე ვერ ამართლებს, იმიტომ, რომ, იწვევს გარკვეულ სოციალურ დაძაბულობას. მაგალითად ზოგიერთი კლინიკის ტერიტორია საკმაოდ დიდია, როცა მოწევა აკრძალულია, რეანიმაციაში მოჰყავთ მძიმედ მყოფი ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი, მას ბევრი გულშემატკივარი მოჰყვება ხოლმე , იქ რომ ელოდებიან სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის გადაწყვეტას , იმ მომენტში მიდის დაცვა და ეუბნება ადამიანს, რომ ეზოში მოწევა აკრძალულია, ეს იწვევს დაძაბულობას. ბევრი კონფლიქტი წარმოიშვა.
ამიტომაც, კომიტეტმა მხარი დაუჭირა იმას, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების შესასვლელებიდან მოშორებით, ეზოებში, სპეციალურ ადგილებში დაიშვას მოწევა.
კომიტეტმა ამას მხარი დაუჭირა, სექტემებრში ინიცირებას გავაკეთებთ. იმედია, პარლამენტს დავარწმუნებთ და მხარს დაგვიჭერს“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
აკაკი ზოიძემ ასევე სპექტაკლებში სიგარეტის გამოყენებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში რეჟისორის დასაბუთებაა საჭირო.

“რეჟისორმა უნდა დაასაბუთოს, რომ ეს აუცილებელია მხატვრული ჩანაფიქრისთვის”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, 1-ელი მაისიდან დახურულ სივრცეში თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მოწევა აიკრძალა. შესაბამისი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შევიდა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები