როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, 28-კილომეტრიანი გზა მთლიანად გაიჭრა და მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეუძლიათ გადაადგილება. პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. მშენებარე გზის დათვალიერების შემდეგ, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მშენებელ კომპანიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც დეტალურად განიხილეს პროექტის მიმდინარეობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდინარე ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა, პროექტის ფარგლებში კი გაიჭრა 6 მ. სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა, დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა. ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილზე მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარია, რაც სამუშაო პროცესს ართულებს.
,,ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, აქ გზა არასდროს გადიოდა და ეს იქნება გზა, რომელიც დააკავშირებს როშკას არხოტთან. რამდენიმე კვირის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრი იმყოფებოდა გზის მშენებლობაზე. სამწუხაროდ, იმ დროისთვის გზა არ იყო დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, გასაწმენდი და დასასრულებელი იყო გარკვეული მონაკვეთები. ჩვენ შევპირდით მოსახლეობას, რომ ათენგენობას მაღალი გამავლობის ავტომობილებით შეძლებდნენ გადაადგილებას და ეს პირობა შევასრულეთ. ამ ეტაპზე, ათი ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. ვფიქრობთ, რომ დიდი ნაწილი სამუშაოების შესრულდება, თუმცა ახლანდელი მონიტორინგის შედეგად, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კიდე უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, სამუშაოების დათქმულ ვადებში მოსასწრებად“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და ახლა იქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს. სტრატეგიული დატვირთვის გარდა, პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს გზა ხელს შეუწყობს მხარეში ადგილობრივების დაბრუნებას და ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები