ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი ძლიერდება სესიიდან სესიამდე

„პარლამენტი ძლიერდება სესიიდან სესიამდე, განსაკუთრებით, საზედამხედველო ფუნქციის მიმართულებით”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მიერ საგაზაფხულო და რიგგარეშე სესიებზე გაწეული სამუშაო პროცესი და მიღწეული შედეგები ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა. მისი შეფასებით, ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში დასრულებული საკონსტიტუციო რეფორმა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, რომელზეც, მისივე თქმით, მუშაობა დასრულებულია და დოკუმენტის პლენარულ ფორმატში განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.

„ჩვენ დავასრულეთ, საბოლოოდ, საკონსტიტუციო რეფორმა, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა იმისთვის, რომ კანონმდებლობა მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და არაერთი მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი პაკეტი იქნა დამტკიცებული პარლამენტის მიერ ამ მიზნით და ასევე, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის რეგლამენტის პროექტზე მუშაობა, ეს სამუშაო პროცესი პრაქტიკულად, არის დასრულებული და უკვე საშემოდგომო სესიაზე, სექტემბერში, დაიწყება ამ დოკუმენტის განხილვა პლენარულ ფორმატში.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები დემოკრატიული განვითარების კუთხით, პარლამენტის გაძლიერების კუთხით, ასევე, სოციალური მიმართულებით გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა – შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, რომლითაც უმჯობესდება უსაფრთხოების სტანდარტები შრომით ნაწილში, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სოციალური მუშაობის შესახებ კანონი მივიღეთ, ასევე, იყო მნიშვნელოვანი ინიციატივა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.

გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, სადაც განხორციელდა ცვლილებები. ეკონომიკური მიმართულებით – ფინანსური ამნისტია ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ, ეს იყო ის მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც განიხილა საქართველოს პარლამენტმა და ამ ცვლილებებით, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ კიდევ უფრო განვითარდეს სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში კონკრეტული სისტემები”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გეგმებს საშემოდგომო სესიისთვის, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იქნება კონკრეტული ინიციატივები პარლამენტის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად მან პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება დაასახლა.

„პარლამენტი ძლიერდება სესიიდან სესიამდე, ეს არის არსებული რეალობა. ჩვენ გვექნება კონკრეტული ინიციატივები იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ პარლამენტის როლი მთლიანად, ხელისუფლების სისტემაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები იქნება ჩვენს დღის წესრიგში შემდეგ სესიაზე. ჩვენ სექტემბერში ვიმუშავებთ აქტიურად, ასევე, განახლდება აქტიურად მუშაობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უკვე ნოემბერ-დეკემბერში გვექნება აქტიური სამუშაო პროცესი და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი კანონშემოქმედებითი ფუნქციები კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს პარლამენტი, როგორც საზედამხედველო ორგანო. ამ კუთხით, ჩვენ გვქონდა სერიოზული ახალი ინიციატივები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ახლაც წარმართავს მუშაობას.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის ჩვენი საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. პარლამენტი ძლიერდება სესიიდან სესიამდე, განსაკუთრებით, ამ მიმართულებით და გვექნება შემდგომი წინსვლა ზუსტად ამ კუთხით, ზედამხედველობის უკეთ განხორციელების კუთხით”,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები