ბუნებრივი ღვინის ასოციაციამ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და GIZ-თან ერთად, „ბუნებრივი ღვინის დღე” აღნიშნა

ბუნებრივი ღვინის ასოციაციამ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და GIZ-ის „სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარებისა და პროფესიული განათლების პროგრამასთან” (PSDTVET) ერთად, „ბუნებრივი ღვინის დღე” აღნიშნა. ასოციაციის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი ყურძნისა და ღვინის მწარმოებლების გაძლიერება, მათი წარმოებისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ბიოღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის მარნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ღვინის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდა იყო. ხელი მოეწერა ასევე GIZ PSD TVET-სა და ბუნებრივი ღვინის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

ღონისძიებას ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრები, დარგის ექსპერტები, ღვინის ეროვნული სააგენტოს, GIZ-ის და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ღვინის სექტორისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა “ვენახების ეროვნული კადასტრი” და “ახალი ვენახის დაგეგმვა და განვითარება”.

ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ვენახებისა და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნას, რომლის ძირითადი მიზანი ყურძნის და ყურძნისეული პროდუქტის მონიტორინგია. საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას. აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო გამოცდილებასა და ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან.

გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ვენახების ეროვნული კადასტრის პროგრამის განხორციელებაში CIM-ის ინტეგრირებული ექსპერტი – ანა ლუჟი ჩაერთო. კადასტრის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია შემუშავდა, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია. საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. ვენახების კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული.

საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისთვის.

ღონისძიება გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, (GIZ) „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლების პროგრამა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ღვინის, ტურიზმისა და მშენებლობის სფეროში კერძო სექტორის განვითარებასა და პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები