ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის პროექტზე მსჯელობს ​

შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის პროექტის შესახებ სამუშაო შეხვედრაზე შეკრებილი ჯგუფის წევრები მსჯელობენ. პროექტის ინიციატორ დეპუტატებთან, სოფო კილაძესთან და დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად, შეხვედრაში აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის ოფისი, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესების დამცველი ორგანიზაციები მონაწილეობენ. ორდღიან შეხვედრაზე მხარეები შრომის უსაფრთხოების შესახებ კონცეპტუალურად ახალ და ეფექტურ რეგულაციებს შეიმუშავებენ, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირთან გაფორმებული, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სავალდებულო დირექტივების მოთხოვნებთან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ საერთაშორისო სტანდარტებთან.

შეხვედრის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის პროექტი, რომელიც შემუშავდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტის მიერ. მხარეები იმსჯელებენ პროექტში წარმოდგენილი ცვლილებების კონცეფციაზე, პრინციპებსა და მიზნებზე, ასევე, მოხდება კანონპროექტის დეტალური განხილვა.

„ჩვენ უნდა შევიმუშავოთ შრომის უსაფრთხოების ძლიერი სისტემა, რომელმაც უნდა დაიცვას თითოეული დასაქმებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამისთვის გვჭირდება შრომის ინსპექცია, რომელიც იქნება შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი. ის უფლებები, რაც კანონის დონეზე განისაზღვრება, აუცილებლად უნდა მოვიდეს სისრულეში, იმისათვის, რომ ტყიბულის მსგავსი ტრაგედიები ავიცილოთ თავიდან. სწორედ ამას ემსახურება ეს ცვლილებები”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

სამუშაო ჯგუფი შექმნილია შრომის უსაფრთხოების შესახებ არსებული კანონმდებლობის გადახედვისა და დახვეწის მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. პროექტი ხორციელდება საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები