ბულაჩაურის მწვანე ცენტრმა საზაფხულო ეკობანაკს უმასპინძლა

კავკასიის გარემოსდაცვითმა ქსელმა (CENN), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან ერთად, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში, საზაფხულო ეკობანაკს უმასპინძლა.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მონაწილეები ყველაზე მასშტაბური სასკოლო, გარემოსდაცვითი კონკურსის – ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალისტი სკოლის მოსწავლეები არიან. ეკობანაკის მონაწილეებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, სოლომონ პავლიაშვილთან და ცენტრის დირექტორთან, თამარ ალადაშვილთან ერთად მდგრადი განვითარების მიზნებზე და ქვეყანაში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებსა თუ გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით მიმდინარე თუ დაგეგმილ საქმიანობაზე იმსჯელეს.
ცენტრის თანაშრომლებმა, მოსწავლეებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე, ბიომრავალფეროვნებასა და გაუდაბნოების საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარეს. ტრენინგები მოიცავდა, როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ კომპონენტსა და დისკუსიას. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები ასევე გაეცნენ ორჰუსის კონვენციას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს.
ცენტრის თანამშრომელმა მონაწილეებს წარუდგინა “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა” და ესაუბრა მათ სისტემის მნიშვნელობასა და მუშაობის პრინციპებზე. ტრენინგების დასასრულს, ეკობანაკის მონაწილეებს ჩაუტარდათ მასტერკლასი “მომავალი ეკოსპიკერი”, სადაც მონაწილეები კამერასთან მუშაობის ტექნიკას, ასევე გარემოსდაცვითი ინფორმაციის ეფექტურად მიწოდების გზებს გაეცვნენ. მასტერკლასს ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე უძღვებოდა. ეკობანაკს ერთი კვირის განმავლობაში 10-ზე მეტი პროფესიონალი ესტუმრება, რომლებიც ბანაკის მთავარი თემის – მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ისაუბრებენ.
ეკობანაკის მონაწილეები მთელი საქართველოდან, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიდან არიან. ეკობანაკის მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები