51-ე სკოლის დირექტორის პირველი კომენტარი მისი მოსწავლის დაკავებაზე

დავით სარალიძის მეგობარი დ.ღ, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს, 51 -ე სკოლის მე -11 კლასის მოსწავლეა, – ამის შესახებ „კვირას“ სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ განუცხადა.
ამასთან, სკოლის დირექტორმა მისი მოსაწავლის დაკავების შესახებ ინფორმაცია „კვირასგან“ შეიტყო.
„დიახ, ჩვენი მოსწავლეა და მე-11 კლასი დაასრულა. დააკავეს? როდის? არვიცი? თქვენგან მესმის პირველად“, – განუცხადა მანანა თურქაძემ „კვირასთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის “დროებით საგამოძიებო სხდომაზე” დირექტორის მოადგილემ თინათინ ყენიამ, ტრაგედიის დღეს, 2017 წლის 1 დეკემბრის მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა:
„მასწავლებელმა დამირეკა და მითხრა, დავიღუპეთ, ბავშვები დაგვიხოცესო. ისეთი დაბნეული ვიყავი, გარეთ რომ გამოვვარდი, ყაზბეგის ქუჩისკენ გავიქეცი, თან ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი. ქუჩაზე ასვლის პროცესში გზა გადამიჭრა დ.ღ-მ სირბილით, რომელსაც ვხედავ, რომ სახეზე აქვს სისხლი, ოღონდ გარბის ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ეს კარგად არის, შეუძლია სიარული, ამიტომ არ გავეკიდე დ.ღ-ს. შემდეგ შევუხვიე ხორავას ქუჩაზე, გადაკეტილი იყო მთელი ქუჩა, ბევრი ხალხი იდგა. პირველი ვინც დამეტაკა იყო ა.ბ, ჩამავლო ხელი მოსაცმელში და მითხრა, რომ არ დამტოვოთ, თქვენთან ერთად ვიქნები, მე ვნახე რაღაც. ჩქარა წამოდით, იმიტომ რომ ლევანი წევს იქ. ორ ნაბიჯში მხვდება ორი პედაგოგი, ერთი რომელმაც დამირეკა – ჯიაძე და ღუღუნიშვილი, ვხედავ ასევე ჩვენს მოსწავლეს გ.ჯ-ს“, – განაცხადა თინათინ ყენიამ.
ცნობისათვის, შს სამინისტროს ინფორმაციით,
გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.
კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.
გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.
შესაბამისად, მოწმე დ.ღ.-მ არასწორი ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდა სასამართლოს როგორც დანაშაულის, ისე შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გამოყოფილი საქმის ფარგლებში, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები არიან მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე.
მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები