ახალციხეში ფერმერებს ახალი სახელმწიფო პროგრამა წარუდგინეს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების“ სახელმწიფო პროგრამა გააცნო.

როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას და მათთვის მარკეტინგული მასალების მომზადებას, ბრენდირებას გულისხმობს.

პროგრამის ფარგლებში, მომსახურების შესყიდვა განხორციელდება, რომელიც კოოპერატივების კუთვნილ საწარმოში, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას მოიცავს.

პროგრამაში ჩართვა მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შეეძლებათ, რომელთაც საკუთრებაში რძის გადამამუშავებელი საწარმო გააჩნიათ. მათი მხრიდან თანამონაწილეობის თანხა მომსახურების ღირებულების 10%- ს შეადგენს.

სახელმწიფო პროგრამა ბრენდირების კომპონენტსაც მოიცავს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო წარმოებული პროდუქციისათვის შეფუთვის დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, ლოგოს დიზაინის და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნის პროცესში დაეხმარება. ბრენდირების კომპონენტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმოებული პროდუქციისათვის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო დანადგარის შესყიდვაში 70%-იანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.

დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1200-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები