პაციენტს, რომელსაც ექიმი 5 და მეტ მედიკამენტს დაუნიშნავს, დანიშნულების გადამოწმება შეუძლია

საქართველოს მოქალაქეებს 16 ივლისიდან, 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში, ექიმის დანიშნულების გადამოწმება შეუძლიათ. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსმა, ნათია ნოღაიდელმა ისაუბრა.
როგორც ნოღაიდელმა აღნიშნა, საქართველოში პოლიფარმაციის მართვის მექანიზმი დაინერგა.
მისი განმარტებით, პოლიფარმაცია მედიკამენტების ჭარბად გამოყენებაა. პოლიფარმაციად მიიჩნევა ის შემთხვევები, როდესაც 5 და მეტი მედიკამენტია გამოწერილი.
ნოღაიდელის თქმით, ყველა პაციენტს, რომელსაც გამოწერილი ექნება 5, ან მეტი მედიკამენტი და ექნება სურვილი, გადაამოწმოს დანიშნულების სისწორე, შეუძლია, დანიშნულება სამინისტროს სათანადო სამსახურში გაგზავნოს.
„ეს მიმართულება ცნობილია მთელს მსოფლიოში და ყველა ქვეყანა იყენებს პრევენციის გარკვეულ მექანიზმებს პოლიფარმაციის შემთხვევების შემცირების მიზნით ბუნებრივია, ეს პრობლემა არსებობდა საქართველოშიც, რაც გამოვლინდა გამოკითხვის შედეგად, რომელიც სამინისტრომ ჩაატარა. ნათელი გახდა, რომ ხშირ შემთხვევაში იყო ხოლმე ისეთი მედიკამენტები დანიშნული ხანგრძლივი მოხმარების თვალსაზრისით, რომელიც ძირითადად სიმპტომური მკურნალობისთვის გამოიყენება, ან იყო 2 სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით ერთი და იგივე გენერიული მედიკამენტი დანიშნული. ასევე გამოვლინდა მაღალი დანახარჯები მედიკამენტებთან მიმართებაში, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად პოპულაციაში, როგორცაა პენსიონერები. საშუალოდ 60- 80, 100-150 ლარის ფარგლებში მერყეობს პენსიონერის დანახარჯები.
ამავდროულად ვიცით, რომ ეს პრობლემა არსებობს მსოფლიოში და ცნობილია, რომ არაგეგმიური ჰოსპიტალიზაციის 11 % განვითარებულ ქვეყნებში მედიკამენტების ჭარბად გამოყენებას უკავშირდება. ყველა ქვეყანა იყენებს გარკვეულ მიდგომებს პოლიფარმაციის შემთხვევების შემცირების მიზნით. რადგან საქართველოში ჩატარებულმა გამოკითხვამ ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები აჩვენა, სამინისტრომ დაიწყო გარკვეული პრევენციული ზომების გატარება და შეიქმნა ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს იმ შემთხვევაში თუ დანიშნული აქვთ 5 და მეტი დასახელების მედიკამენტი, დანიშნულება გადაამოწმონ შესაბამის სამსახურში“, – განაცხადა ნათია ნოღაიდელმა.
მისივე განმარტებით, ექიმის დანიშნულების გადამოწმების 2 გზა არსებობს.
„მოგეხსენებათ, დანიშნულება იწარმოება ელექტრონულად, ან ქაღალდზე. ელექტრონული წარმოება დაკავშირებულია ელექტრონული რეცეპტის სისტემასთან. ელექტრონული სისტემის რეცეპტის გარდა, პაციენტებს შეუძლიათ, მოგვმართონ ასევე ქაღალდის მატარებელზე მიცემული დანიშნულებით. ამ შემთხვევაში მომართვა განხორციელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალების მეშვეობით. მოქალაქეს შეუძლია, ტერიტორიული ნიშნით მიიტანოს თავისი დანიშნულება სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ფილიალში და ეს დანიშნულება მოხვდება სამინისტროში შესაბამის ჯგუფთან, ან ელექტრონული რეცეპტის სისტემაში შედის პაციენტი პაციენტის გვერდზე, იქ მონიშნავს გარკვეულ ველს და ასევე ეს ინფორმაცია ხვდება შესაბამის სამსახურთან“- განმარტა ნოღაიდელმა.
მისივე თქმით, დანიშნულებას განიხილავს პოლიფარმაციის სამუშაო ჯგუფი. მოქალაქე შეტყობინებას იღებს განაცხადის გაგზავნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, მომართვის ფორმის შესაბამისად: ელექტრონული რეცეპტის სისტემაში არსებულ პაციენტის გვერდზე, ან აკითხავს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ფილიალს.
„პოლიფარმაციის პრევენცია არ უკავშირდება ექიმის დასჯას, პოლიფარმაციის პრევენცია უკავშირდება მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის მიცემას, გადაამოწმონ დანიშნულება. თუ პაციენტი მიიღებს პასუხს, რომ მისი დანიშნულება საჭიროებს კორექტირებას, მას შეუძლია მიმართოს ექიმს და ექიმი თუ პაციენტს დაუსაბუთებს, რომ მისი დანიშნულება არის ვალიდური, ბუნებრივია, არ შეცვლის ამ დანიშნულებას , იმ შემთხვევაში თუ დანიშნულებას სჭირდება კორექცია, შეცვლის დანიშნულებას. თუ პაციენტს, ექიმმა არ შეუცვალა დანიშნულება, ან პაციენტს არ დააკმაყოფილებს ექიმის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება შეუძლია, მეორეჯერაც მიმართოს სამინისტროს.
წელიწადში 5-ჯერ და მეტჯერ თუ ერთი და იმავე ექიმის დანიშნულება მოხვდება ჯგუფში, რომელსაც სჭირდება კორექცია, ამ შემთხვევაში ამ ექიმის გვარი და სახელი განთავსდება სამინისტროს ვებგვერდზე არსებულ სპეციალურ ელექტრონულ ფაილში, როგორც პოლიფარმაციის შემთხვევებში შემჩნეული ექიმი. დასჯის მკაფიო მექანიზმები ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ნათია ნოღაიდელმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები