სემეკმა „მისტიური მომხმარებლის“ შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში სს „თელასის“, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მომხმარებელთათვის გაწეული მომსახურების გადამოწმების შედეგები გამოაქვეყნა. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიებმა მომსახურების ხარისხი გააუმჯობესეს და გამოსწორებულია „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის პირველადი შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების უმეტესი ნაწილი.

“გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ სს „თელასის“ მიერ მოწესრიგდა ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების განაცხადის ჩაბარების პროცედურა და მომხმარებელს შეუძლია განაცხადი ჩააბაროს როგორც კომპანიის სათავო ოფისში, ასევე მის ყველა სერვის ცენტრში.  სამივე შემოწმებულ კომპანიასთან მიმართებაში მოწესრიგდა ქსელზე მიერთების პროცედურებთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნისა და განაცხადის ჩაბარების შეზღუდვის საკითხები.

შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მიერ მოწესრიგებულია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდის პროცედურები და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სათავო ოფისში მიუსვლელად გადაიხადოს მიერთების საფასური. მოწესრიგებულია მოქალაქეთა რიგი შპს  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“  და სს „თელასის“ სათავო ოფისებში. ამ კუთხით გატარებული სამუშაოები ასევე  თვალსაჩინოა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ შემთხვევაშიც.

გადამოწმების შედეგების თანახმად დადგინდა, რომ არ გამოსწორდა ან მხოლოდ ნაწილობრივ გამოსწორდა შემდეგი დარღვევები: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შემთხვევაში,  მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა არ ხდება მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მიერ და მოქალაქეს ერთ საკითხზე უწევს რამდენიმე პირთან ურთიერთობა;  სს „თელასის“ მიერ არ ხდება მომხმარებლის სრული ინფორმირება განაცხადის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღზე. მოქალაქეთა რიგი დაფიქსირდა შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სათავო ოფისში, თუმცა აღსანიშნავია კომპანიის მიერ  გატარებული ღონისძიებები რიგების შესამცირებლად. აღნიშნულ დარღვევებზე კომპანიებს მიეცათ სემეკის მიერ რეკომენდაციები და განესაზღვრათ მათი შესრულების ვადები.

ამასთანავე, გადამოწმების ფარგლებში გამოვლინდა ახალი დარღვევები, რომელთა გადამოწმებაც მოხდება „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის მომდევნო ეტაპზე. სემეკი, მომდევნო ეტაპზე პროექტს განახორციელებს როგორც ქ.თბილისში, ასევე რეგიონებში და მოიცავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სხვა კომპანიებსაც.  აღსანიშნავია, რომ პროექტი მნიშვნელოვანია როგორც სემეკისთვის, ასევე კომპანიის მენეჯმენტისათვის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით”,- აცხადებენ სემეკში.

„მისტიური მომხმარებლის“ პროექტს სემეკის დაკვეთით კომპანია “4 სერვისი” ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები