დავით ჭიჭინაძე: თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, ასეთ თავმჯდომარეს რომ ვითმენთ

თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ პარლამენტის ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე მაღალრეიტინგული პოლიტიკური ფიგურა არ არის.
როგორც დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძის მეთაურობით პარლამენტის ავტორიტეტი ძალიან დაბალია.

„მისი აღიარებითი ჩვენებები, განსაკუთრებით, ამ ბოლოდ დროს, რაც მან კიდევ გააკეთა საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით – აქამდე ვიცოდით, რომ ის იყო ავტორი და ამას იჩემებდა, რომ ის იყო კონსტიტუციის ავტორი, მაგრამ როგორც ირკვევა, იქ, თურმე, მთავრობა არ აძლევდა მუშაობის საშუალებას, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივები იყო, მიწის არგაყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივები იყო, საბანკო ჩანაწერების გასწორებასთან დაკავშირებით ჩემი და კონკრეტული არასამთავრობოსი. ე.ი. გამოდის, რომ ეს ადამიანი, პრაქტიკულად, იბრალებს იმას, რაც არ გაუკეთებია. მაშინ, ჩემთვის გაუგებარია, თუ ამ კონსტიტუციას კვირიკაშვილის კონსტიტუცია ჰქვია და ერთ ადამიანზეა მორგებული, და დღეს ის ამბობს მაგას, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ კონსტიტუცია არასწორად მიგვიღია. იმიტომ, რომ პრემიერები მიდიან, მოდიან, მთავრობები მიდიან, მოდიან, კონსტიტუცია უნდა იყოს ცოტა ხანგრძლივად. კობახიძე სიმართლეს არ ამბობს. ეტყობა, სუფთა წერით იყო დაკავებული, დღეს სუფთა წერა აღარ არის, კომპიუტერზე ბეჭდავენ. გამოდის, მას კონსტიტუციის დაწერაში მონაწილეობა არ მიუღია“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
დავით ჭიჭინაძემ კობახიძეს გადადგომისკენ მოუწოდა. კითხვაზე, ჰყავს თუ არა ამასთან დაკავშირებით გუნდში თანამოაზრეები, დეპუტატი პასუხობს, რომ სხვების ნაცვლად ვერ ისაუბრებს.

„მე სხვების მაგივრად ვერ ვისაუბრებ. შეგიძლიათ, საზოგადოებრივი განწყობით გასინჯოთ, მე ვერ ვიტყვი, რომ კობახიძე ძალიან მაღალრეიტინგული პოლიტიკური ფიგურაა და საზოგადოებაში მხარდაჭერით სარგებლობს. მისი მხარდაჭერა და ავტორიტეტი და ზოგადად, მისი მეთაურობით პარლამენტის ავტორიტეტიც ძალიან დაბალია“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, როგორც ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის “ხისტმა პოზიციამ“ უმრავლესობას სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა და ეს სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს.
“ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით ჭიჭინაძის ინფორმაციით, თავის დროზე, როცა უმრავლესობის ფორმატში, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კანონის მიღებაზე მსჯელობდნენ, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და ფრაქცია “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარემ თქვეს, რომ “პარლამენტს რომ ასეთი კანონი მიეღო, ინვესტორების ინტერესები დაირღვეოდა და ქვეყანა ეკონომიკურად არამიმზიდველი გახდებოდა“.

“თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მან ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, მხოლოდ აღიარება საკმარისი არ არის – ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახო, შენც უკან უნდა გაჰყვე და თანამდებობიდან გადადგე“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის ამ განცხადებას კობახიძემ გუშინვე უპასუხა.
“მე შეგნებულად არ მინდა ამ ყველაფერს ტყუილი ვუწოდო, გამომდინარე იქიდან, რომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, თმენის ვალდებულება მენიჭება, როცა საქმე დეპუტატების მხრიდან გაჟღერებულ გარკვეულ გზავნილებს ეხება. ეს არ არის სწორი ინფორმაცია”, – განაცხადა კობახიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები