ზაზა სარალიძე: მთავარი პროკურორი დამპირდა რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მთავარ პროკურატურაში ახალ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს შეხვდა.

სარალიძემ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. მისი თქმით, თადუმაძისგან მიიღო პირობა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს.

ზაზა სარალიძემ ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან ახალი პროკურორი ამ ეტაპზე საქმის დეტალებს ეცნობა, დღეის მდგომარეობით კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ შეიძლება, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ კონკრეტული ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება.

„სამწუხაროდ, საქმის ახალი პროკურორები არ ესწრებოდნენ შეხვედრას, ვისთანაც კონკრეტული კითხვები მქონდა და ველოდი კონკრეტულ პასუხებს. მაგრამ შევხვდი ახალ პროკურორს, რომელთანაც ვისაუბრე ამ დეტალებზე. შალვა თადუმაძემ სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ის პირად კონტროლზე აიყვანს ამ საქმეს. შეხვედრა კონსტრუქციული იყო“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და გაანცხადა, რომ ახალ გენერალურ პროკურორს მათი პოზიცია გააცნეს.

„შალვა თადუმაძემ განგვიცხადა, რომ არ აპირებს ხელი დააფაროს ვინმეს და საქმის მასალებს გაეცნობა ისე, რომ ყველა ჩვენს კითხვაზე შეძლოს პასუხის გაცემა“- აღნიშნა ზაზა სარალიძის ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები