ირაკლი კობახიძე: როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მეკისრება თმენის ვალდებულება, როცა საქმე ეხება დეპუტატების მხრიდან გაჟღერებულ გარკვეულ გზავნილებს

„ეს არის არასწორი ინფორმაცია – შეგნებულად არ მინდა ამ ყველაფერს ვუწოდო ტყუილი, გამომდინარე იქიდან, რომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მეკისრება თმენის ვალდებულება, როცა საქმე ეხება დეპუტატების მხრიდან გაჟღერებულ გარკვეულ გზავნილებს”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში, ბევრჯერ, საჯაროდ დაფიქსირდა პოზიცია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მკაცრი ჩანაწერები ასახულიყო.

„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში, ეს პოზიცია იყო საჯაროდ დაფიქსირებული, ათჯერ, ოცჯერ მაინც გვექნება ჩვენ ნათქვამი, რომ ჩვენ ვიყავით მზად და ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ აგვესახა მკაცრი ჩანაწერები კონკრეტულად კონსტიტუციაში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მათ შორის, საქმე ეხებოდა ჩანაწერს შრომის ინსპექციის თაობაზე, თუმცა, ასევე, იქვე ღიად დავაფიქსირეთ 15-20-ჯერ მაინც, რომ ამის წინააღმდეგი წავიდა მთავრობა, მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელობა და შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია, სამწუხაროდ, მაშინ ჩვენი პოზიციის გადახედვა. ეს იყო მაშინდელი მოცემულობა და ეს იყო ის ფაქტი, რომლის კონსტატაციაც მოხდა ჩემი მხრიდან. შესაბამისად, ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც ყველასთვის იყო ღია და საჯარო, მე მხოლოდ და მხოლოდ გავიხსენე ის, რაც ყველას უნდა ახსოვდეს, ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა ახსოვდეთ იმ დეპუტატებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ამ პროცესში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, უმრავლესობის აზრით, შრომის უსაფრთხოების კუთხით, სტანდარტები მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესებულიყო, თუმცა, ამ კუთხით, არსებობდა წინააღმდეგობა.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ იყო სტანდარტები ასამაღლებელი შრომის უსაფრთხოების კუთხით, იქ იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი ბრალია კონკრეტული ტრაგიკული შემთხვევა. ეს ბუნებრივია, არავის ბრალი არ არის, აქ საუბარია ერთ რამეზე – ჩვენი მოსაზრებით, სტანდარტები მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესებულიყო შრომის უსაფრთხოების კუთხით, თუმცა, ამ კუთხით არსებობდა წინააღმდეგობა. დღეს ხედავთ, რომ დღესაც ეს წინააღმდეგობა გრძელდება – კონკრეტული ოპოზიციური პარტიები დღემდე მიუღებლად მიიჩნევენ იმას, რომ გაუმჯობესდეს სტანდარტები შრომის უსაფრთხოების კუთხით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, რომან გოცირიძეს უნდა ვინმეს დაღუპვა შახტაში, ეს ასე არ არის, საუბარია განსხვავებულ მიდგომებზე, ჩემი მიდგომა არის ის, რომ სტანდარტები უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი და მთავრობის წინა ხელმძღვანელობის პოზიცია იყო ის, რომ ეს სტანდარტები უნდა ყოფილიყო შედარებით დაბალი. ამ კუთხით ჩვენ გვქონდა არსებითი განსხვავება პოზიციებში, თუმცა, ჩვენ გავუწიეთ ანგარიში მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის და მაშინდელი პარტიული ხელმძღვანელობის პოზიციას”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები