„ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში, თბილისში საზოგადოებას რობოტი სოფიაც მიმართავს

17-19 ივლისს თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალური სამიტი იმართება. „OGP”-თვის ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი რანგის საერთაშორისო პარტნიორობის ხელმძღვანელია, რომელიც მსოფლიოს 76 სახელმწიფოს აერთიანებს.

როგორც „კვირას“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ფორუმს ესწრებიან მონაწილე ქვეყნების დელეგაციები – უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, სახელმწიფო მეთაურები, მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ორგანოსა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. სტუმრებს შორის არიან საერთაშორისო მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მედიის წარმომადგენლები.

გლობალურ სამიტში საქართველოს ხელისუფლების სამივე შტოს პირველი პირები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ.

„ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონია 18 ივლისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრიგიორგი ბახტაძე გახსნის. სამიტი საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი მოკლე ვიდეოფილმითა და მუსიკალური პერფორმანსით გაიხსნება.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ „ღია მმართველობის პარტნიორობის” აღმასრულებელი დირექტორი სანჯეი პრადანი და პარტნიორობის თანათავმჯდომარე სამოქალაქო საზოგადოებიდან მუკელანი დიმბა.

საპრეზიდენტო მაღალი დონის პანელს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შრი-ლანკის პრეზიდენტთან ერთად გახსნის. სამიტის მონაწილეებს, ასევე, მიმართავენ ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.

გახსნის ღონისძიება „ღია მმართველობის პარტნიორობაში” ახალი ხუთი წევრი სახელმწიფოსა და ხუთი ადგილობრივი ხელისუფლების საზეიმო მიღების ცერემონიითა და იუსტიციის მინისტრის მიმართვით დაიხურება.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, ასევე, პირველი ხელოვნური ინტელექტი რობოტი სოფია, რომელიც მოგვიანებით მონაწილეობას მიიღებს სამუშაო სესიაში „ინოვაციები საჯარო სერვისებში”. სოფია „UNDP”-ის ორგანიზებით საქართველოს სპეციალურად „OGP”-ის გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის ეწვია.

„OGP”-ის მე-5 გლობალურ სამიტს ორი დღის განმავლობაში მთაწმინდა უმასპინძლებს და იქ არსებული ინფრასტრუქტურა საკონფერენციო სივრცეებად გარდაიქმნება.

სამიტზე საქართველო წარადგენს „ღია მმართველობა − საქართველოს” მეოთხე ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელზეც იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით საქართველოს მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა და რამდენიმე დღის წინ ერთხმად იქნა მიღებული.

სამიტი 7 ენაზე ითარგმნება, ხოლო ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე სამიტის ოფიციალურ საიტზე ხელმისაწვდომი იქნება უწყვეტი ლაივსტრიმი გახსნის ცერემონიიდან.

ამასთან, ღია მმართველობის სამიტის გახსნის ცერემონიას პირველად ეყოლება სპეციალური საჭიროების მქონე დამსწრე პირებისთვის სურდო თარჯიმანი.

საჯარო რესურსების უკეთ მართვა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განმტკიცება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უკეთ გამოყენება ღია მმართველობისთვის − ეს ის საკითხებია, რომელთაც 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს. ამ კუთხით სამოქმედო გეგმაში აისახა ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა: სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის დანერგვით; გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ელექტრონული პორტალის ამოქმედება; საკანონმდებლო აქტების შემუშავება მოქალაქეთა ჩართულობითა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე; სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნება და საძიებო სისტემის შექმნა; საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა; საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება; სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობა და ანგარიშვალდებულება; მუნიციპალიტეტების ვალდებულებები და სხვა.

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის” რიგითი წევრი იყო, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად კი, თავის ისტორიაში პირველად გახდა 76 სახელმწიფოსგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.

2014 წელს საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს – აღმასრულებელ კომიტეტში ჩვენი ქვეყანა იუსტიციის მინისტრმა წარადგინა; „ღია მმართველობის პარტნიორობის” ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დასახელდა.

2015 წლის 3 ივნისს თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის” ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა.

2016 წელს საქართველო საფრანგეთთან ერთად „OGP”-ის თანათავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

2017 წელს საქართველო ერთი წლით „OGP”-ის 76 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და თავმჯდომარეობა საფრანგეთისაგან გადმოიბარა.

„ღია მმართველობის პარტნიორობა” (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP”-ის შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები