თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტის სტუმარ დელეგაციებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტამდე ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები 16 ივლისიდან უკვე საქართველოში იმყოფებიან, რათა გლობალურ სამიტში მიიღონ მონაწილეობა. სტუმრებს მასპინძლობს იუსტიციის სამინისტრო როგორც ღია მმართველობის პროცესის წარმმართველი უწყება. მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია.
იუსტიციის მინისტრი დღეს ინდონეზიელი სტუმრების შემდეგ შეხვდა კანადის დელეგაციას, რომელსაც კანადის საგადასახადო საბჭოს პრეზიდენტი სკოტ ბერიონი ხელმძღვანელობდა. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა მათ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტში მონაწილეობისთვის და იმ საქმიანობას შეეხო, რომელსაც საქართველო ახორციელებს OGP-ის ფორმატში. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიერ ორგანიზაციის რიგითი წევრობიდან თავმჯდომარეობამდე განვლილ გზაზე.
„2014 წელს საქართველო იყო „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრი; მოგვიანებით, 2016 წელს, ვიყავით პარტნიორობის თანათავმჯდომარე ქვეყანა, ახლა საქართველო არის „OGP“-ის თავმჯდომარე და გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ „OGP“-ის მეხუთე გლობალურ სამიტს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანმა კანადის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია ღია მმართველობის ფორმატში საქართველოს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიულ მიზნებზე; ესენია: თანამშრომლობის ჩამოყალიბება და მოქალაქეთა ჩართულობა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; ინოვაციები სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში; უკეთესი პარტნიორობის შექმნა.
„კანადის საგადასახადო საბჭოს პრეზიდენტი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ კომიტეტში ჩემი კოლეგა გახლავთ. ის არის ძალიან დიდი გულშემატკივარი საქართველოსი, მისი პროგრესის და იმ რეფორმების, რომელთაც ჩვენ გამჭვირვალობის, ელმმართველობის, დიგიტალიზაციის და ადამიანის უფლებათა სფეროში ვატარებთ. ძალიან დიდი ინტერესია კანადის მხრიდან ამ სფეროებში. ისინი გადაიბარებენ ჩვენგან თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსს ოქტომბერში და, ალბათ, უკვე მომავალ წელს თავიანთ ქვეყანაში გამართავენ გლობალურ სამიტს. ამიტომ ის, თუ როგორ მოხდა სამიტის ორგანიზება, რა იყო წინამძღვარი იმისა, რომ საქართველო თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და როგორ მართა თავმჯდომარეობის ეს ერთწლიანი პროცესი, ეს ყველაფერი საინტერესოა კანადური მხარისთვის. ისინი საქართველოს მიმართ არიან ძალიან მეგობრულად განწყობილი და მეტიც, აღტაცებულნი არიან იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც ქვეყნის პროგრესს წინასწარმეტყველებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
იუსტიციის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, გაუზიაროს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს საქართველოს გამოცდილება ინოვაციების სფეროში და გაითვალისწინოს პარტნიორი ქვეყნების წარმატებული მაგალითები.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მიღწევებსა და გამოწვევებზე მსჯელობა ხვალიდან გლობალური სამიტის ფარგლებში გაგრძელდება. 70-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები, მთავრობები, მინისტრები, საჯარო მოხელეები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ფონდები, მკვლევრები, აკადემიური წრეები და ჟურნალისტები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მიღწევებსა და გამოწვევებზე 2 დღის განმავლობაში იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები