“გროვდება, 500 მილიონი ლარი“-ჟორჟოლიანი 2500 ლარზე მაღალი შემოსავლის 30%-ით დაბეგვრაზე განმარტებებს აკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც 2500 ლარზე მაღალი შემოსავლის 30%-ით დაბეგვრას გულისხმობს, „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტებები გააკეთა.

როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, 30%-ით მხოლოდ 2500 ლარს ზემოთ თანხა უნდა დაიბეგოს, 2500 კი ძველებურად 20 %-ით.
„მინდა, განვმარტო ჩვენი მოსაზრების შინაარსი: ის, რომ ჩვენ გარკვეულ განაკვეთებზე ვლაპარაკობთ, ეს განაკვეთები პირობითია. აქ მთავარია პრინციპი: ე.წ. პროგრესული დაბეგვრის პრინციპი, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია დამკვიდრებული. ჩვენ 2500-იანი განაკვეთი ავიღეთ როგორც მაგალითი. თუმცა, სხვანაირადაც შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ რადგან ეს ავიღეთ, ამაზე ვისაუბროთ. ეს გულისხმობს იმას, რომ 2500 ლარამდე საგადასახადო განაკვეთი რჩება იგივე, ანუ 20 %. ამის შემდეგი შემოსავალი, შეიძლება, დაიბგროს 30 %-ით. მაგალითად, თუ 3000 გაქვთ, 3000-დან 900 კი არ უნდა გადაიხადოთ, არამედ უნდა გადაიხადოთ 2500-დან 500 და დარჩენილი 500-დან 100-ის ნაცვლად, 150, ანუ მხოლოდ 50 ლარით მეტის გადახდა მოგიწევთ.
2 500 ლარამდე შემოსავალი საქართველოში აქვს დაქირავებით დასაქმებულთა 91 %-ს. კიდევ 5 %-ს აქვს სადღაც 4-5 ათასამდე შემოსავალი. მხოლოდ 5 %-ს აქვს ამაზე მაღალი შემოსავალი. 8 000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს 1, 3 %-ს. 0, 4%-აქვს თვეში 16 000 ლარზე მეტი შემოსავალი“- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, ასეთი სისტემა დამკვიდრებულია ყველა განვითრებულ ევროპულ ქვეყანაში. როგორც დეპუტატი აცხადებს, აღნიშნული სისტემა საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ის ძირითადი საჭიროებები, რომელიც ქვეყანას და ადამიანებს გააჩნია.

„მდიდრები ისედაც მეტს იხდიან გადასახადს. 20 %-ის პირობებშიც ვისაც 1000 ლარი აქვს იხდის 200 ლარს, ვისაც 5000 აქვს, ის იხდის 1000 ლარს.

ასეთი სისტემა უზრუნველყოფს მეტად გათანაბრებას და იძლევა საშუალებას მეტი თანხები იქნას მობილიზებული ბიუჯეტში. თუ ჩვენ რადიკალურად არ შევცვალეთ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა, თუ ჩვენ რადიკალურად არ შევცვალეთ მდგომარეობა დასაქმებაში, განათლების სისტემაში, ჩვენ ოდნავ უკეთ, ან ოდნავ უარესად შეიძლება ვიცხოვროთ, ან გაუარესდება ეს მდგომარეობა.

რა ცვლილება უნდა მოხდეს ეკონომიკაში? – პირველ რიგში ეს უნდა იყოს ინდუსტრიის განვითარება.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეკონომიკის ახალი მინისტრის ქობულიას გამოსვლაში პარლამენტში, ხაზგასმული იყო ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობა. ეს ცნება ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრამაში, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა სპეციალური პარაგრაფია ჩამატებული, რამდენადაც ვხვდები, ეს არის ქობულიას ჩამატებულია, ჩვენ ამაში ვთანხმდებით.
ამავე დროს ეკონომიკის მინისტრი ხაზს უსვამდა, რომ პირველ რიგში უნდა იყოს რეგიონებში წარმოების განვითრება, უნდა იყოს საწარმოები, რომლებიც უზრუნველყოფენ კონკურენტული პროდუქციის შექმნას“- განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, ხსენებული სისტემით, ამგვარად ქვეყანა დაახლოებით 500 მილიონი ლარის მობილიზებას შეძლებს.
„ამ სქემით, რომელზეც ვსაუბრობ, გროვდება დაახლოებით 500 მილიონი ლარი. ეს ჩვენი აზრით 2 ნაწილად უნდა გავყოთ, 400 მილიონი წავიდეს წარმოების განვითარებაზე რეგიონებში და 100 მილიონი უნდა წავიდეს სკოლამდელი დაწესებულებების, სკოლის და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების ხელფასების მოსამატებლად.დაახლოებით, 100 ლარით შეიძლება მოემატოთ ამ ადამიანებს ხელფასი“- განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან სერიოზული, რადიკალური ნაბიჯები გადაიდგას.
„ამან უნდა შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. უნდა დავამთავროთ ლაპარაკი იმაზე, რომ სადღაც რაღაცა კარგი რეიტინგები გვაქვს და ამით ვიყოთ კმაყოფილები. 1-2 წელიწადში ეს ცხოვრებაში ძალიან სერიოზულ ცვლილებას მოიტანს.
გვქონდა ამაზე საუბარი პრემიერთან , დეპუტატებს გავუგზავნეთ, მთავრობის წევრებს გადავეცით ჩვენი წინადადება და დავიწყებთ ინტენსიურ მუშაობას“- განაცხადა ჟორჟოლიანმა,
დეპუტატი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმდაც, მთვარობის ინიციატივების დიდი ნაწილი გადასახადების შემცირებას გულისხმობს.
„ჩვენ ვიზიარებთ ამას, რაც პრემიერმა განაცხადა და მის ინიციატივებს, რომლებიც გულისხმობს მცირე შემოსავლიანი ადამიანებისთვის, პრინციპში ესეც პროგრესული დაბეგვრაა, მცირე ბიზნესი ნაკლებს გადაიხდის, ვიდრე მსხვილი. ამ მიდგომას ვიზიარებთ. ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, იგივე პრინციპია, მცირე შემოსავლიანების უფრო მცირედად დაბეგვრა. კონკრეტულად პრემიერისგან ჩვენ პირობა არ მიგვიღია, ან კი, ან არა. ამაზე ვიმუშავებთ“- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები