“ხმა არ გაგვიგია, ჰაერის დატრიალება ვიგრძენით” – მეშახტეები ტრაგედიას იხსენებენ

0

ტყიბულში, მინდელის შახტთან, ტრაგედიის ადგილზე, გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახის წევრები იკრიბებიან. შახტის თანამშრომლები ამბობენ, რომ შემთხვევა, რომელსაც 4 მეშახტე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა, პირველ უბანზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულები და გარდაცვლილები შახტიდან სხვა მეშახტეებმა ამოიყვანეს.
„4 მკვდარია. 6 გამოვიყვანეთ. ხმა არ გაგვიგია ჰაერის დატრიალება ვიგრძენით სხვა უბანში, ჩვენი ათისთავი დაუკავშირდა დისპეტჩერს, უთხრეს, რომ პირველ უბანს ვერ უკავშირდებოდნენ. გავიქეცით იქ და დაგვხვდა ასეთი მდგომარეობა“, – ამბობს შახტის თანამშრომელი.
ტყიბულში მინდელის შახტში დღეს დილით 4 მეშახტე გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა – 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს – 1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და 1988 წელს დაბადებული გ.ა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი